გადაწყვეტილება N 429 შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს“ ¹420 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს„ N420 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს„ (ქ. სენაკში), შეწყვეტილი აქვთ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს„ N420, ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილულ იქნა შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს„ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (27.08.2004 N11), რომელში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ,,სამეგრელო-ს საკუთრებაში აქვს ორი სატელევიზიო გადამცემი, რომელიც განთავსებულია ქ.ზუგდიდისა და ქ.სენაკის სატელევიზიო სადგურებში. გადამცემების განთავსებისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულება 2001 წლიდან კომპანიას გაფორმებული აქვს შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრთან. გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია ,,სამეგრელოს არ გააჩნია საკუთარი რადიოსარელეო ხაზი, რომლითაც ზუგდიდის ანძიდან სატელევიზიო სიგნალი მიეწოდება სენაკის სატელევიზიო სადგურს, კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრთან საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებაზე. მიმდინარე წლის მაისის თვეში ადგილი ჰქონდა აღნიშნული რადიოსარელეო ხაზის მწყობრიდან გამოსვლას. აღნიშნული ტექნიკური შეფერხებების გამო ქ.ქუთაისის რადისარელეო ხაზების ხელმძღვანელობამ ზუგდიდი-სენაკის მონაკვეთზე შეფერხებების აღმოფხვრამდე შეწყვიტა რადიოსარელეო ხაზის გამოყენების უფლება რაც გახდა შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს„ მიერ ქ.სენაკში მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს„ მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიას შეუწყვიტეს რადიოსარელეო ხაზის გამოყენების უფლება ტექნიკური შეფერხებების გამო, ხოლო აღნიშნული რადიოსარელეო ხაზის ექსპლუატაციის გარეშე კომპანიის მიერ ვერ განხორციელდება ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, კომისიამ ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩათვალა შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია ,,სამეგრელოს„ N420 ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს„ N420 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს„;
3 დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი