გადაწყვეტილება N 425 შპს „ტელერადიოკომპანია ევროპას“-ს (შპს „ტელერადიოკომპანია TV-21-ს“) ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტელერადიოკომპანია TV-21-ს„) ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) შეწყვეტილი აქვთ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) N1141 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.
2004 წლის 13 აგვისტოს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) უფლებამოსილ წარმომადგენლებს განემარტათ რომ, შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის„ გამო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის N1141 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ე. გიორგობიანმა განაცხადა, რომ მაუწყებლობის განუხორციელებლობა განპირობებულია უხარისხო გადამცემისა და არასტანდარტული სიხშირის ფლობით. ამავე დროს კომისიას მომართეს თხოვნით შეიცვალოს ლიცენზიის ზოგიერთი პირობა. კერძოდ, გაიზარდო სიმძლავრე 1-კილოვატამდე და შეიცვალოს ანტენის განთავსების ადგილი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„ მიერ შეწყვეტილი იყო ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) N1141, ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„) N1141 ლიცენზია
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ტელერადიოკომპანია ევროპას„-ს (შპს ტრელერადიოკომპანია TV-21-ს„).
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი