გადაწყვეტილება N 60 შპს “ტელეარხი-25”-სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის საკითხის განხილვის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეარხი-25”-მა (რეგისტრირებულია ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის N01/04-411 დადგენილებით) კომპანიის N753 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელეარხი-25”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N753, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას ქ.ბათუმში 25-ე დეციმეტრულ სატელევიზიო არხზე 100 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს „ტელეარხი-25”-მა კომისიის N210, 13.04.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ტექნიკური, ეკონიმიკური და სამართლებრივი კუთხით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე), ტექნიკურ (მ.გოთოშია), ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს უზრუნველყონ შპს „ტელეარხი-25”-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
2. საკითხი შპს „ტელეარხი-25”-სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ განხილულ იქნეს დამატებითი შესწავლის შედეგების წარმოდგენის შემდეგ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
