წვდომის მენიუ

სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს“ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ

ნომერი: 562 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში კომისია) 2003 წლის 10 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება „სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”,  სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს“ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“.

კომისიის გადაწყვეტილებით დაინიშნა დავის განხილვის დღე შემდეგ სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახტელს“  შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის თაობაზე;

2. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის  31, 33 და 52 ასს-ების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე;

3. შპს „ახალი ქსელების“ კროსებში გადაყვანილი კაბელების სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადაყვანის შესახებ.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ დირექტორი ბ-ნი ა.იაშვილი და სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ დირექტორი  ქ-ნი ლ. ჭელიძე.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები პირველ საკითხთან დაკავშირებით:

სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ აღნიშნავს, რომ ა/წლის 2 ივლისს სს “საქართველოს ელექტროკავშირმა” მიმართა შპს “ახალ ქსელებსა” და შპს “ახტელს” N14-4/1-288 წერილით, რომელშიც სს “საქართველოს ელექტროკავშირი” აღნიშნავდა, რომ მან 26 ივნისის წერილით მიმართა აღნიშნულ კომპანიებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 11.4 11.5 და 11.6 პუნქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე და რომ მან ამ თხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ამავე წერილში სს “საქართველოს ელექტროკავშირი” აცხადებს, რომ იგი არ არის ანგარიშსწორების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ შემავალი და გამავალი გამოძახებების შესახებ მას შპს “ახტელიდან” და შპს “ახალი ქსელებიდან” მიეწოდება დეტალური ინფორმაცია  “ა” და “ბ” ნომრების ჩვენებით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მისი თხოვნა, 16 აგვისტოდან აღარ გაგრძელდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები შპს “ახალ ქსელებთან” და შპს “ახტელთან”. სს “საქართველოს ელექტროკავშირი” ა/წლის 11 ივლისს “ახალი ქსელებისათვის” გაგზავნილ წერილში აფიქსირებს, რომ ანგარიშსწორების საკითხის შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღარ გაგრძელდება 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა.

სს “საქართველოს ელექტროკავშირმა” 01.08.2003წ. N14-2/3-98 წერილით მიმართა შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს”, რომელშიც აღნიშნავს, რომ წყვეტს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას და გამოთქვამს მზადყოფნას, დაიწყოს მუშაობა ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად. სს “საქართველოს ელექტროკავშირმა”  2003 წლის 6 აგვისტოს წერილით შპს “ახალ ქსელებს” და შპს “ახტელს” კიდევ ერთხელ აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ განმარტავს, რომ ხელშეკრულებები მოქმედებდა 2003 წლის 16 იანვრიდან 7 თვის განმავლობაში, 7 თვე გავიდა 16 აგვისტოს, რომელიც დაემთხვა დასვენების დღეს შაბათს. „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ჰ15“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეებს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 18 აგვისტოს, ორშაბათს. შესაბამისად, ორკვირიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს 18 აგვისტოდან და არა 16 აგვისტოდან.

სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“ მოითხოვა ცვლილების შეტანა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში (ან ცალკე შეთანხმების გაფორმება), რომლის შედეგად ანგარიშსწორება მხარეებს შორის ლოკალურ ქსელში იწარმოებს 2004 წლის 1 იანვრიდან, ამასთან, შეთანხმებას მიეცემა უკუქცევითი ძალა 2003 წლის 1 ივლისიდან (სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“ კომისიაში შემოიტანა განაცხადი ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე 12.08.2003წ. ცვლილების პროექტი შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ წარუდგინა 18.08.2003წ.)

შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ მიიჩნევს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შედის 2003 წლის 16 იანვარს და მოქმედებს შვიდი თვის განმავლობაში (ანუ 2003 წლის 16 აგვისტომდე). თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ შეატყობინებენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით. ის გარემოება, რომ ოპერატორს არ გააჩნია საბილინგო სისტემა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი. „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის დებულების“ მიხედვით საბილინგო სისტემის შექმნისათვის განსაზღვრული იყო ვადა ერთი წელი, ხოლო საბილინგო სისტემის მოწესრიგებამდე ოპერატორს უნდა ესარგებლა იმ ოპერატორის საშუალებით, ვისაც გააჩნია იგი (წერილი N978, 02.10.2003წ.). შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ „საქართველოს ელექტროკავშირის“ 1 აგვისტოს წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიიღო 4 აგვისტოს, ანუ დაცული არ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის დადგენილი ორკვირიანი ვადა. რაც შეეხება სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ 2 და 11 ივლისს გაგზავნილ წერილებს, მათში გამოთქმული არ არის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, არამედ გამოთქმულია ვარაუდი ხელშეკრულების ვადის არგაგრძელების შესახებ. ხელშეკრულება კი მოქმედების ვადის შეწყვეტისათვის ითვალისწინებს შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.  წერილებში აღნიშნული გარემოება, რომ ანგარიშსწორების საკითხის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება არ გაგრძელდება, არ ნიშნავს შეწყვეტის განზრახვას. არ გაგრძელება და შეწყვეტა სხვადასხვა იურიდიული კატეგორიებია. 

რაც შეეხება სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ 1 აგვისტოს გაგზავნილ წერილებს, ისინი შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ მიღებულია 4 აგვისტოს. ხელშეკრულების მოქმედების 7 თვიანი ვადა გავიდა 15 აგვისტოს 12.00 საათზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, რომელიც თვეებით განსაზღვრული ვადის გასვლას ითვალისწინებს ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს. 15 აგვისტო დაემთხვა პარასკევს (სამუშაო დღეს).  შესაბამისად, სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნა 15 აგვისტომდე ორი კვირით ადრე.

აქედან გამომდინარე სს „საქართველოს ელექტროკავშირთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები გაგრძელებულია იმავე ვადითა და იმავე პირობებით (წერილი N 815,8.08.03წ.).

კომისია აღნიშნავს: სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების მე-7 მუხლი ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის 2003 წლის 16 იანვარს და მოქმედებს 7 თვის განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამ შემთხვევაში მოვლენა (ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა) დადგა 16 აგვისტოს, რომელიც დაემთხვა დასვენების დღეს – შაბათს. „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ჰ15“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეებს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღე. დებულების ეს ნორმა შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლთან, რომლის თანახმად თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.

     აღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დამთავრების დღედ  ჩაითვლება 16 აგვისტოს მომდევნო პირველი სამუშაო დღე – 18 აგვისტო, ორშაბათი. ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შეტყობინების ორკვირიანი ვადა ამოიწურა 4 აგვისტოს (ორშაბათს), თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.

გარდა ამისა, სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ 2 ივლისს გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ იგი არ არის ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების განხორციელების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ შემავალი და გამავალი გამოძახებების შესახებ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია („ა“ და „ბ“ ნომრების ჩვენებით). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი თხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, მ/წლის 16 აგვისტოდან შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა აღარ გაგრძელდება.

2003 წლის 11 ივლისს სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ შპს „ახალ ქსელებისათვის“ გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების 2003 წლის ბოლომდე გადავადების საკითხის შეუთანხმებლობის შემთხვევაში მ/წლის 16 აგვისტოდან შპს „ახალ ქსელებთან’ და შპს „ახტელთან“ 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღარ გაგრძელდება, ვინაიდან ხელშეკრულების პირობები სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის“ მიუღებელია.

კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ ზემოაღნიშნულ წერილში შეთავაზებულია პირობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის. მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ანგარიშსწორების საკითხის 2003 წლის ბოლომდე გადავადების შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე შეტყობინების ვალდებულებას. სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ 2 და 11 ივლისის წერილებში გამოთქმულია განზრახვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის არ გაგრძელების შესახებ. კომისიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაუგრძელებლობას და ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტას ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება – მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მოთხოვნის დაცვით შეატყობინა.

ამასთან, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან სახელშეკრულებო ვალდებულებები გაგრძელებულად ჩაითვლება და დარჩება ძალაში, სანამ მხარეები არ დადებენ ახალ ხელშეკრულებას. ახალი ხელშეკრულება ფორმდება ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ,,ახტელს’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის სახელშეკრულებო ვალდებულებები მოქმედებდა 2003 წლის 18 სექტემბრამდე.

ოპერატორებს შორის შეწყვეტილია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის და “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების თანახმად, ოპერატორები ვალდებული არიან დაიწყონ მოლაპარაკება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ 411 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კომისია ჩაერთვება ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, განიხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ შპს „ახალ ქსელებისათვის“  31, 33 და 52 ასს-ების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე:

შპს „ახალი ქსელები“ აღნიშნავს, რომ 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2003 წ. 17 ივლისს „ახალმა ქსელებმა“ მიმართა სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ 31, 33 და 52 სატელეფონო ზონაში კაბელების ჩადებაზე ნებართვის (ტექნიკური პირობის) მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ახალი ქსელების“ და „ელექტროკავშირის“ ტექნიკური სპეციალისტები შეთანხმდენენ შპს „ახალი ქსელების“ ყველა მოთხოვნაზე, დღემდე ნებართვა (ტექნიკური პირობა) შპს „ახალ ქსელებს“ არ მიუღია. ამასთან, შპს „ახალი ქსელები“ აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ არის ერთადერთი ოპერატორი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია სატელეფონო კანალიზაციის 90%-ზე მეტი, იგი ამ სფეროში წარმოადგენს მონოპოლიური მდგომარეობის აგენტს და თავის მდგომარეობას იყენებს ბოროტად.

სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ აღნიშნავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს შპს „ახალი ქსელების“ თხოვნა 31, 33 და 52 ასს-ების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარების თაობაზე, რადგან ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა აღემატება სს „საქართველოს ელექტროკავშირის“  საწარმოო შესაძლებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2003 წლის  15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტის თანახმად სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ ვალდებული იყო  შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში მიეცა დასაბუთებული ტექნიკური პირობა კაბელის გატარებაზე. სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ დღემდე არ წარუდგენია ტექნიკური პირობა, რითაც მის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები შპს „ახალი ქსელების“ კროსებში გადაყვანილი კაბელების სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადაყვანის შესახებ:

სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ აღნიშნავს, რომ იგი აწარმოებს „3“-ების ინდექსის და ასს 51-ის დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული სატელეფონო სადგურების მოწყობილობების ციფრული სისტემებით შეცვლას. პროექტით გათვალისწინებულია ასს 30, ასს 31, ასს 36 და ასს 51-ის კროსებსა და შახტებში მაგისტრალური კაბელების პირველსაწყისი სქემების აღდგენა, რომელიც დარღვეული იქნა შპს „ახალი ქსელების“ ავტომატური სატელეფონო სადგურების მშენებლობისას. ვინაიდან საკაბელო მეურნეობა წარმოადგენს „საქართველოს ელექტროკავშირის“ საკუთრებას და ამასთან, იგი ახორციელებს მის ტექნიკურ ექსპლუატაციას, მაგისტრალური კაბელები უნდა ბოლოვდებოდეს მხოლოდ მისი სატელეფონო სადგურების კროსებში.

შპს „ახალ ქსელები“ აცხადებს, რომ მასსა და „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის 2003 წლის 15 იანვარს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების შესახებ გაფორმებულია N9 ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მომსახურების შესაბამის ტარიფს. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით. ვინაიდან „საქართველოს ელექტროკავშირის“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი იწვევს ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ტარიფის გაზრდას და „ახალი ქსელების“ მომსახურების თვითღირებულების გაძვირებას, „ახალი ქსელები“ ამას ვერ დაეთანხმება. გარდა აღნიშნულისა, კროსთან შახტაში არსებული კაბელების შემოტრიალება გამოიწვევს მათი სიგრძის შემცირებას, რის გამოც კაბელები შემდგომში „ახალი ქსელებისათვის“ გამოუსადეგარი გახდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ კროსებში გადართული კაბელები წარმოადგენს სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ საკუთრებას, იგი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლება, ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთარი ქონებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი) და ტექნიკური კონტროლი განახორციელოს თავის ქსელზე. სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ უფლებამოსილია მოითხოვოს შპს „ახალი ქსელებისაგან“ მის კროსებში გადაყვანილი კაბელების სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადაყვანა. ამასთან, ამ გარემოების შედეგად არ უნდა გაუარესდეს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის 2003 შორის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (რომელიც ითვალისწინებს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებას 30, 31, 36, 51 ასს-ების ზონაში) პირობები შპს „ახალი ქსელებისათვის“.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ და შპს „ახალმა ქსელებს“, სს „საქართველოს ელექტროკავშირს“  და შპს „ახტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებები შეწყვეტილია 2003 წლის 18 სექტემბრიდან.  უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეთანხმებული პროექტების კომისიისთვის წარმოდგენა  ერთი თვის ვადაში;

2. უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში 31, 33 და 52 ავტომატური სატელეფონო სადგურების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარების თაობაზე დასაბუთებული ტექნიკური პირობის წარდგენა შპს „ახალი ქსელებისათვის“ და კომისიისთვის;

3. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა“ შპს „ახალი ქსელებისაგან“ მის კროსებში გადაყვანილი კაბელების სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადაყვანის სამუშაოების ჩატარებისათვის პროექტის შემუშავება და მისი განხორციელება ღამის საათებში, მომსახურების დროებითი შეწყვეტის თაობაზე მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილება; ამასთან, ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად არ უნდა გაუარესდეს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის 2003 შორის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (რომელიც ითვალისწინებს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებას 30, 31, 36, 51 ასს-ების ზონაში) პირობები შპს „ახალი ქსელებისთვის“;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                        ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები