გადაწყვეტილება N 26 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მომხმარებელთა უ ფ ლებების დაცვის სამსახურის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003
მიღების თარიღი იანვარი 24, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, კომისიაში უნდა შეიქმნას სპეციალური ერთეული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი კომისიის აპარატის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის და ორი სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად;
2. შეიქმნას საკონკურსო საბჭო, რომელშიც მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
- ნ. დევდარიანს, საქართველოს სახალხო დამცველი (საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე), დ. გიორხელიძეს, ბ. ლაგვილავას, ა. შალამბერიძეს, ა. თავაძეს, ზ. ცქიტიშვილს, რ. შავიშვილს, დ. უსუფაშვილს, ლ. ტუღუშს, დ. ებრალიძეს, ვ. აბაშიძეს, დ. პატარაიას, კ. პოპიაშვილს.
3. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კომისიის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხების (ლიცენზირება, ტარიფების, მომსახურების გაწევის წესების, სტანდარტების დადგენა და სხვ.) კომისიაში განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობა და მომხმარებელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის შემცველი ქმედებების და გადაწყვეტილებების კვლევა;
დ) მომხმარებელთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ე) ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის სადავო საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომისიის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ზ) მომხმარებელთა სახელით ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მხარედ გამოსვლა;
თ) მომხმარებელთა წარმოდგენა ლიცენზიის მფლობელთან დავის დროს.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (cover letter);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;
ე) სარეკომენდაციო წერილი/ები.
5. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსს - მომხმარებელთა უფლებების დამცველს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - იურიდიულ, კავშირგაბმულობის, ეკონომიკის, მედიის ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში;
ბ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამართლის, კავშირგაბმულობის, ეკონომიკის, მედიის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში (სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე);
გ) ოფიციალური კორესპონდეციის, დოკუმენტაციის წარმოებისა და შედგენის ცოდნა როგორც მშობლიურ, ასევე უცხო (ინგლისური) ენაზე;
დ) კომპიუტერიული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint), ინტერნეტის და ელექტონული ფოსტის ცოდნა;
ე) მართვისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები; კომუნიკაბელურობა; ინიციატივიანობა; მეტყველების კულტურა.
6. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსი - მომხმარებელთა უფლებების დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით.
7. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის სპეციალისტს (1 ვაკანსია) მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიულ ან ეკონომიკურ სფეროში;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება სამართლის, ეკონომიკის ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში;
გ) ოფიციალური კორესპონდეციის, დოკუმენტაციის წარმოებისა და შედგენის ცოდნა როგორც მშობლიურ, ასევე უცხო (ინგლისური) ენაზე;
დ) კომპიუტერიული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint), ინტერნეტის და ელექტონული ფოსტის ცოდნა;
ე) მართვის უნარ-ჩვევები; კომუნიკაბელურობა; ინიციატივიანობა; მეტყველების კულტურა.
8. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის სპეციალისტს (1 ვაკანსია) მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება კავშირგაბმულობის ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში;
გ) ოფიციალური კორესპონდეციის, დოკუმენტაციის წარმოებისა და შედგენის ცოდნა როგორც მშობლიურ, ასევე უცხო (ინგლისური) ენაზე;
დ) კომპიუტერიული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint), ინტერნეტის და ელექტონული ფოსტის ცოდნა;
ე) მართვის უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა, მეტყველების კულტურა.
9. მომხმარებელთა უფლებების დამცველის ან სპეციალისტის ინტერესთა კონფლიქტის გარემოებას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ იგი იმავდროულად:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
მომხმარებელთა უფლებების დამცველის ან სპეციალისტის ინტერესთა კონფლიქტის გარემოებას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ იგი ან მისი ოჯახის წევრი (მამა, დედა, მეუღლე, შვილი):
ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში ასრულებდა ან ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობა განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში ფლობდა ან ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობა განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში იყო ან არის იმ პირის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი, რომლის საქმიანობა განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა ან აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობა განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
10. თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა ამ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტში გათვალისწინებული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
11. კონკურსი ჩატარდება შერჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების მეშვეობით. შერჩევა და ტესტირება (კონკურსში მონაწილეთა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ჩატარდება კომისიის აპარატის სპეციალისტების მიერ. შერჩევის შედეგები და ტესტირების გრაფიკი გამოქვეყნდება ა.წ. 25 თებერვალს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის განცხადებათა დაფაზე (ქ.თბილისი, გ.ჭანტურიას ქ.N12, მე-8 სართული).
12. გასაუბრება ჩატარდება და კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჩატარდება ა.წ. 4 მარტს 1200 საათიდან. საკონკურსო საბჭო უფლებმოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა რაოდენობის არანაკლებ 2/3-ი. საკონკურსო საბჭო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
13. განცხადებები და საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება კომისიაში ა.წ. 5 თებერვლიდან 21 თებერვლის 1800 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, გ.ჭანტურიას ქ.N12, მე-8 სართული, ოთახი 803.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა), ექვსი თვის ვადაში.
15. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ მდივანს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
