გადაწყვეტილება N 22 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ”, სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2003
მიღების თარიღი იანვარი 17, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ახტელმა” 2002 წლის 7 ოქტომბრის N788 წერილით მიმართა კომისიას და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-11 თავის შესაბამისად მოითხოვა სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა.
კომისიამ 2002 წლის 22 ოქტომბერს მიიღო N399/16 გადაწყვეტილება „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ”, რომლის თანახმად დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2002 წლის 5 ნოემბერი.
ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N362/16 „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტი. მხარეებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტი კომისიისათვის არ წარმოუდგენიათ. ამავე დროს, შპს „ახალმა ქსელებმა” 2002 წლის 18 ოქტომბრის N800 წერილით კომისიას აცნობა, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირთან” შეთანხმებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვერ მიაღწია და მოითხოვა დავის განხილვის დაწყება.
კომისიამ 2002 წლის 22 ოქტომბერს მიიღო N398/16 გადაწყვეტილება „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ”, რომლის თანახმად დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2002 წლის 8 ნოემბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თაობაზე დავის საგანს წარმოადგენდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: ურთიერთჩართვის წერტილების განსაზღვრა, ტრაფიკის აღრიცხვა, ურთიერთჩართვისათვის საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფა. გარდა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სადავო საკითხებისა, მხარეები ვერ თანხმდებოდნენ სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების, კანალიზაციის არხებში კაბელის გასატარებლად ადგილის გამოყოფისა და სინქრონულ-ციფრული იერარქიის ხაზების (SDH) მომსახურების ხელშეკრულებების ძირითად პირობებზე.
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა, საქმის გარემოებების დამატებითი შესწავლის და შეჯერების მიზნით, ჯერ 2002 წლის 22 ნოემბრისთვის, ხოლო შემდეგ 2003 წლის 24 იანვრისთვის გადაიდო.
ა/წლის 15 იანვარს კომისიის თავმჯდომარესთან შედგა მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” წარმოადგინა შპს „ახალ ქსელებთან” და შპს „ახტელთან” გასაფორმებელი შემდეგი ხელშეკრულებების პროექტები: ურთიერთჩართვის შესახებ, სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების, კანალიზაციის არხებში კაბელის გასატარებლად ადგილის გამოყოფის შესახებ, სინქრონულ-ციფრული იერარქიის ხაზების (SDH) მომსახურების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 15 იანვარს მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის არსებული ყველა სადავო საკითხი, რომლებიც განიხილებოდა კომისიის მონაწილეობით, ამოწურულია და გადაწყვეტილია მორიგების გზით, რის შედეგადაც ხელი მოეწერა შემდეგ ხელშეკრულებებს: ურთიერთჩართვის შესახებ, სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების, კანალიზაციის არხებში კაბელის გასატარებლად ადგილის გამოყოფის შესახებ, სინქრონულ-ციფრული იერარქიის ხაზების (SDH) მომსახურების თაობაზე (შეხვედრის ოქმი თან ერთვის).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
