საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ვადაგასული ლიცენზიის მფლობელების საქმიანობის საკანონმდებლო ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003
მიღების თარიღი მარტი 21, 2003
საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ვადაგასული ლიცენზიის მფლობელების
საქმიანობის საკანონმდებლო ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებისა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ვადაგასული ლიცენზიების მფლობელებს, რომლებმაც კომისიაში გაიარეს ხელახალი რეგისტრაცია, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის მოქმედების ვადა განესაზღვრათ 2001 წლის 31 დეკემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ჩ”) და „ც”) ქვეპუნქტებისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, რიცხავს სალიცენზიო მოსაკრებელს (ათასი ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში და ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე (შემდგომში „სპეციალური ანგარიში”), რაც 33 სამაუწყებლო კომპანიის ვადაგასულ ლიცენზიებში დაფიქსირებული ტექნიკური პარამეტრების მიხედვით დღეისათვის შეადგენს 457,0 ათას ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე 2001-2003 წლებში კომისიაში წარმოდგენილია შემდეგი სამაუწყებლო კომპანიების განაცხადები: შპს სამეგრელო”, შპს იმპერია”, შპს „კომესი”, შპს „ეკომი”, შპს „ზარი”, შპს „მეგა ტვ”, შპს „გურია”, სპს „თვალი”, კავშირი „ათინათი”, შპს „ოდიში”, შპს „ქართლი”, შპს „პირველი რადიო”, შპს „მეცხრე ტალღა”, შპს „ფოთი ტვ”, შპს „ტელეარხი-25”, შპს „თანამგზავრი”, შპს „ინფორმკავშირი” და შპს „კვეტენაძე და კომპანია”, რომელთაგანაც ნაწილს დაეგზავნა შესაბამისი შეტყობინებები კანონმდებლობიდან გამომდინარე სათანადო განმარტებებით. კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N 2 დადგენილების შესაბამისად, მ/წლის 3 იანვარს სამაუწყებლო კომპანია სპს „თვალს” განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და მისი გადახდის წესი, თუმცა გადაწყვეტილებაში არ მიეთითა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30% -ის გადახდის საბოლოო თარიღი და ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვადა კომპანიისათვის ლიცენზიის გასაგრძელებლად.
მ/წლის 31 იანვარს შპს „ეკომს” განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის თანახმადაც მას 15 სამუშაო დღის ვადაში (ანუ 24 თებერვლისათვის) უნდა გადაეხადა საწყისი ოდენობის 30% ანუ 594,13 ლარი, რაც დღემდე არ გადაუხდია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2002 წელს ზოგიერთ სამაუწყებლო კომპანიას (შპს „მწვანე ტალღა”, შპს „აუდიენცია”, შპს „23 მაისი”, შპს „პირველი სტერეო”, შპს „რ-რადიო” და შპს „TV-21”) გაუგრძელდა ლიცენზიის მოქმედების ვადა და მოხდა მათი მოდიფიცირება. აღნიშნულ საკითხზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად:
- შპს „მწვანე ტალღას” 2002 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 642,60 ლ. (N 312/6 14.08.02წ.), იმავე წლის 5 ივლისს გადაიხადა 826,0 ლ.
- შპს „იმედს” 2002 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 642,60 ლ. (N 352/6 20.08.02წ.), რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის გადახდილი არ არის;
- შპს „23 მაისს” 2002 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 3650,85 ლ. (N 363/6 27.09.02წ.), იმავე წლის 29 დეკემბერს გადაიხადა 3651,0 ლ.
- შპს „პირველი სტერეოს” 2002 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 4449,90 ლ. (N 364/6 27.09.02წ.), იმავე წლის 24 დეკემბერს გადაიხადა 4449,0 ლ.
კომისიის 2003 წლის N 15/6 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად შპს „TV-33”-ს მაუწყებლობა უნდა განეახლებინა 2003 წლის 1 მარტამდე.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფორმირებისა, 14 სამაუწყებლო კომპანიას არ მოუმართავს კომისიისთვის ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად და, შესაბამისად, არც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს იურიდიულმა სამსახურმა (ე.ასანიძე) ქვემოჩამოთვლილი ვადაგასული ლიცენზიის მფლობელებისთვის სათანადო შეტყობინებების დაგზავნა, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის კომისიაში ა/წლის 15 მაისამდე წარმოდგენის მოთხოვნით:
- შპს „იმერვიზია”;
- შპს „სამეგრელო”;
- შპს „კომესი”;
- შპს „იმპერია”;
- შპს „ოდიში”;
- შპს „მეგა TV”;
- შპს „რიონი”;
- შპს „ნოსტალგია”;
- შპს „იმერეთი 2000”;
- - შპს „ედელვაისი”;
- შპს „ბორჯომი”;
- შპს „დია”;
- შპს „მვ”;
- შპს „ავაზა”;
- შპს „დუშეთის ტელევიზია”;
- შპს „გვირგვინი;
- შპს „თრიალეთი”;
- შპს „აისი”.
2. განესაზღვროს სპს „თვალს” სალიცენზიო გადასხდელის საწყისი ოდენობის (19254 ლ.) 30%-ის (5775,0ლ.) გადახდის ვადად ა/წლის 12 მაისი.
3. უზრუნველყოს შპს „ეკომმა” კომისიის N 37/9 გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული თანხის (594,13 ლარი) სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვა ა/წლის 5 მაისამდე.
4. უზრუნველყოს შპს „იმედმა” კომისიის N 352/6 გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული თანხის (642,6 ლარი) სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვა ა/წლის 5 მაისამდე.
5. სამაუწყებლო კომპანიების მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრული ვადების დაუცველობის შემთხვევაში კომისია განიხილავს მათ საკითხს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დაევალოს აპარატის მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე) გაანალიზოს კომისიის სათანადო გადაწყვეტილებები, ორგანიზება გაუკეთოს განსაზღვრული სალიცენზიო გადასხდელი თანხების სამაუწყებლო კომპანიებიდან სპეციალურ ანგარიშზე დროულ ჩარიცხვას და პერიოდულად წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
7. დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე) შპს „TV-33”-ის მიერ 2003 წლის 1 მარტისთვის მაუწყებლობის განახლების თაობაზე (N 15/6 გადაწყვეტილება, პუქტის 4.) სათანადო დასკვნის წარმოდგენა ა/წლის 25 აპრილამდე.
8. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ლიცენზიის მფლობელთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მუდმივ განახლებას, მასში სათანადო ცვლილებების ოპერატიულად შეტანას და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გასატარებლად წარდგენას.
9. უზრუნველყოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანმა (გ. რატიშვილი) საეთერო ტელერადიომაუწყებელთა წინასწარი გაფრთხილება ლიცეზიის ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე.
10. წინამდებარე გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს (გ.რატიშვილი) ინტერნეტში კომისიის გვერდზე.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე