წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 127 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშის განხილვის შესახებ

ნომერი: 127 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2003

მიღების თარიღი მარტი 21, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2002 წლის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშის განხილვის

შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2002 წლის მთლიანმა დარიცხულმა შემოსავალმა 649 071.85 ლარი შეადგინა. შემოსავლების სტრუქტურაში ლიცენზირებული ოპერატორების მიერ აღიარებულმა რეგულირების საფასურმა შეადგინა 2 570 462.40 ლარი, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს სახით - 78 202.4 ლარი. საერთო ჯამური შემოსავლების მატებამ 2002 წელს წინა წელთან შედარებით 20.28% შეადგინა, რაც ძირითადად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის შემოსავლების ზრდამ განაპირობა. 2002 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, რომელიც კომისიის 2001 წლის 3 აგვისტოს N400/17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა, წლიური შემოსავლების მიღება 1 800 000,00 ლარის ოდენობით იყო გათვალიწინებული. რეალურად დარიცხულმა წლიურმა შემოსავლებმა ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილს 849 071,85 ლარით (47,17%-ით) გადააჭარბა. 2002 წელს სხვა დამატებითი სახსრები, მათ შორის ბანკის სესხების სახით, კომისიას არ მოუზიდია.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის N 411 ბრძანებულებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუქტის თანახმად, კომისია უფლებმოსილია ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მიმდინარე მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიის ბიუჯეტის სხვა მუხლების დასაფინანსებლად გამოიყენოს.

ბიუჯეტის გეგმის დანახარჯების მუხლების მიხედვით შესრულების მიმდინარეობის შედარებითი ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ: 

2002 წელს კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო დანახარჯებმა 1 762 212.78 ლარი შეადგინა (2001 წელს ამ დანახარჯების ოდენობა 1 749 929.07 ლარს შეადგენდა), რაც 80 742.78 ლარით (4.8%-ით) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამ დანახარჯების 41 366,96 ლარით გადამეტება, ძირითადად, განაპირობა საქართველოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455 მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და კვლევის ჩასატარებლად ექსპერტ-სპეციალისტების მოწვევის  (34 818.18 ლარით), აგრეთვე, ევროპის სატელეკომუნკაციო სტანდარტების ინსტიტუტში (ETSI) გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომისიის საწევრო გადასახდელის გადახდის აუცილებლობამ (16 282.1 ლარით, რაც დამტკიცებული ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული).

2002 წელს კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტი, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა                   - დანახარჯებმა, ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებული 36 000 ლარის ნაცვლად, 183 ლარი შეადგინა, ხოლო საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა - 17 939.09 ლარი, ანუ 18 660.91 ლარით ნაკლები (50.99%) შეადგინა.  

2002 წელს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების შეძენასა და ოფისის კაპიტალურ რეკონსტრუქციაზე გაწეულმა დანახარჯებმა  ჯამში 105 723,86 ლარი შეადგინა. მათ შორის, საქმის წარმოების ეფექტურობის გაზრდის მიზნით კომისიაში ჩატარდა შიდა საოფისე ფართის კაპიტალური რეკონსტრუქცია თანხით 18 362 ლარი, რაც შესაბამისად კომისიის საბალანსო აქტივებში აისახა, ხოლო ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 87 361.86 ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 13 831.86 ლარით (18.81%-ით) მეტი. ამ დანახარჯების გადამეტება განპირობებული იყო კომპიუტერული ტექნიკისა და კომისიის უწყვეტი ელ-მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით მძლავრი დიზელ-გენერატორის შეძენის აუცილებლობით.

2002 წელს კომისიის წლიური შემოსავლების დანახარჯებზე გადამეტებამ, ნაცვლად დამტკიცებული 45 000 ლარისა, 829 539.20 ლარი (ამორტიზაციის გამოკლებით) შეადგინა, რომელიც, კომისიის დებულების თანახმად,„ფინანსური რეზერვების” - 414 769.60 ლარი (50%) – და „პრემირების ” - 414 769.60 ლარი (50%)  ფონდებში უნდა გადანაწილდეს. (ამასთან, საქართველოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი„ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიების პირობების დაცვისა და ზედამხედველობისათვის სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსების აკუმულირების მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა „პრემირების ფონდი”-დან 300 000 ლარის გადატანა „ფინანსური რეზერვები”-ს ფონდში და შესაბამისი ტექნიკურ-ფინანსური ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავება).        

2002 წლის განმავლობაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი ოპერატორების მიერ ჩარიცხულმა თანხის ოდენობამ 116 067.20 ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, აღნიშნულ ფონდში არსებული სახსრები 50 227 ლარით გაიზარდა.

2001-2002 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის მიმდინარეობის შესახებ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ლიცენზიის მფლობელების მიერ 2002 წელს გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ 2 280 786.22 ლარი შეადგინა, ხოლო დავალიანებამ 2003 წლის 1 იანვრისათვის - 685 292 ლარი, რომელიც ირიცხებოდა 51 ლიცენზიის მფლობელზე. აღნიშნული დავალიანებიდან ძირითადი თანხა (671 114 ლარი) 16 ლიცენზიის მფლობელზე ირიცხებოდა (სს „საქართველოს ელექტროკავშირი”; შპს „ახალი ქსელები”; შპს „ახტელი”; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”; შპს „ალკომი”; შპს „რუსთავი 2 ონლაინი”; შპს „საქართველოს ტელეკომი”; სს „ეგრისი”; სს „გლობალ ერთი”; შპს „მეგაკომი”; შპს „კავკაზუს ნეთვორქი”; შპს „ვანექსი”; შპს „რუსთავი 2”; შპს „საქართველოს ფოსტა”; შპს „ინფოკომი”; შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი”).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და კომისიის N 400/16 (03.08.01წ.) გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის მთავარი ბუღალტრის (ი. აბულაძე) ინფორმაცია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ” მიღებულ იქნეს ცნობად;

2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის N 411 ბრძანებულებით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუქტის თანახმად, 2003 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები გამოყენებულ იქნას კომისიის ბიუჯეტის სხვა მუხლების დასაფინანსებლად, მიმდინარე მოთხოვნებიდან გამომდინარე;

3. დამტკიცდეს წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლების ანგარიში”:

            ა) დარიცხული შემოსავლები                            - 2 649 071,85 ლარი;

            ბ) საოპერაციო ხარჯები                                   - 762 212.78 ლარი;

            გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები    - 105 723.86 ლარი;

            დ) ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია       - 57 319.87 ლარი;

            ე) პრემირების ფონდი                                        - 414 769,60 ლარი;

            ვ) ფინანსური რეზერვის ფონდი                         - 414 769,60 ლარი;

4. დამტკიცდეს 2002 წელს კომისიის წლიური შემოსავლების დანახარჯებზე გადამეტება (57 319.87 ლარის ამორტიზაციის გამოკლებით) 829 539.2 ლარის ოდენობით

  

5. საქართველოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი„ ქვეპუნქტის შესაბამისად სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიების პირობების დაცვისა და ზედამხედველობისათვის სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსების აკუმულირების მიზნით „პრემირების ფონდი”-დან 300 000 ლარი გადატანილ იქნეს „ფინანსური რეზერვები”-ს ფონდში.

6. დაევალოთ სამაუწყებლო (თ. ძაგნიძე) და ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურებს სიხშირული ზედამხედველობისა და მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად ტექნიკურ-ფინანსური პროექტის შემუშავება და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2003 წლის 21 მაისისთვის.

7. უზრუნველყოს ეკონომიკურმა სამსახურმა (გ. ბუთბაია) კომისიის N 1 გადაწყვეტილებით (01.2000წ.) დამტკიცებული დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი;

8. უზრუნველყოს ეკონომიკურმა სამსახურმა (გ. ბუთბაია) კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი მუხლების შესრულების მიმდინარეობის ყოველკვალტალური კონტროლი და საანგარიშგებო ინფორმაციის წარმოდგენა;

9. დაევალოთ მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე) და მოლარეს (ნ. ჯანელიძე) კომისიის სალაროში ნაღდი თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი;

10. მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) სისტემატიურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების ხარჯვაზე დამადასტურებელი დოკუმენტების დროული წარდგენა;

11. დაევალოთ იურიდიულ (ე. ასანიძე) და ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმის წარმოების დაწყება.

12. დაევალოთ იურიდიულ (ე. ასანიძე) და ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურებს რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებული წინადადებების შემუშავება და  კომისიისათვის წარდგენა 2003 წლის 30  მაისამდე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები