წვდომის მენიუ

შპს “ტელეკომპანია “კავკასია”-ს N 980 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 1 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007

მიღების თარიღი იანვარი 03, 2003

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ტელეკომპანია “კავკასიამ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1996 წლის 9 სექტემბრის N 4/4-722 დადგენილებით) კომპანიის N 980 ლიცენზიის მოდიფიცირების, ლიცენზიის სახეობისა და საგნის განსაზღვრის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია “კავკასია”-ს ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 23 ივნისს გაცემული ლიცენზიით მაუწყებლობის საგნად განესაზღვრა “ტელემაუწყებლობის ორგანიზება 28-ე სატელევიზიო არხზე ტელეცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით”. ლიცენზიის შესაბამისად, კომპანიამ შპს “ტელეცენტრთან” გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება შპს “ტელეცენტრი”-ს გამგებლობაში არსებული სატელევიზიო გადამცემის (TV20IVD) საიჯარო პირობების თაობაზე. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებით შპს “ტელეცენტრი” საკუთარი გადამცემით უზრუნველყოფდა  შპს “ტელეკომპანია “კავკასიის” პროგრამების გავრცელებას ქ.თბილისში შპს “ტელეკომპანია “კავკასიისათვის” ლიცენზიით მინიჭებულ 28-ე სატელევიზიო არხზე. ამასთან,  2000 წლის 1 აპრილს შპს “ტელეცენტრსა” და შპს “ტელეკომპანია “კავკასიას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტი ითვალისწინებს “ტელეკომპანია “კავკასიის” კუთვნილი 5 კვტ-იანი სატელევიზიო გადამცემის “ონეგა-5”-ის განლაგებას ქ.თბილისის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ტექნიკური შენობის პირველ სართულზე და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის შ.პ.ს. “საქართველოს ტელეცენტრი”-ს ლიცენზირებული 28-ე სატელევიზიო არხისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას”. კომისია აღნიშნავს, რომ 28-ე სატელევიზიო დეციმეტრული არხი ლიცენზიით მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ შპს “ტელეკომპანია “კავკასია”-ს, ხოლო შპს “ტელეცენტრს” N 277 ლიცენზიის (რომელიც გაუქმებულია კომისიის 2001 წლის 21 სექტემბრის N 441 გადაწყვეტილებით) საგნად განსაზღვრული ჰქონდა რადიო-სატელევიზიო პროგრამების მიწოდება და მისი ტრანსლიაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიმე კონკრეტული არხის მითითების გარეშე.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია “კავკასიისათვის” შპს “ტელეცენტრთან” ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების დაკისრებას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ  ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. კონკრეტულ პირთან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას კი არ იცნობს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონი.

შპს “ტელეკომპანია “კავკასია” გატარდა ხელახალი რეგისტრაციაში კომისიის N192, 30.03.2001წ. გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა “საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.

ამასთან, შპს “ტელეკომპანია “კავკასიის” N 980 ლიცენზია საჭიროებს მოდიფიცირებას 453 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირებულ იქნეს შპს “ტელეკომპანია “კავკასიის” N 980 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი)”;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3. უზრუნველყოს შპს “ტელეკომპანია “კავკასიამ” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიისათვის წარდგენა ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე:

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები