წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 362 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ

ნომერი: 362 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების შესწავლის შედეგების შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 25 აპრილის #5/4 ბრძანების შესაბამისად შექმნილმა ჯგუფმა შეისწავლა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის სახაზო საკაბელო წყვილებთან დაშვებისა და სატელეფონო კანალიზაციაში კაბელის გატარების მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით წარმოქმნილი  ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემები.

            აღნიშნული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმება მიზნად ისახავდა სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ ტარიფების გაანგარიშებებში წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების გაანალიზებას არსებულ რეალურ ვითარებასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და ქსელის ელემენტებისა და მომსახურების სახეების მიხედვით დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების მოდელის შემუშავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. შემოწმება ჩატარდა შერჩევითი მეთოდით ქ. თბილისის სატელეფონო ქსელის დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების სატელეფონო კვანძებში. სამუშაო პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” და შპს „ახალი ქსელების” წარმომადგენლები.

მოპოვებული ფინანსური მონაცემების საფუძველზე და საოპერაციო აქტივებზე გონივრული საექსპლუატაციო ნორმების გამოყენებით განისაზღვრა ზემოთაღნიშნული მომსახურების სახეების განხორციელებასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობების ჩამონათვალი და თითოეულ მომსახურების სახეზე, კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების შესაბამისად, შედგენილ იქნა დანახარჯების განცალკავებულად აღრიცხვისა და განაწილების მოდელები.

            ამასთანავე, კომისიის 2002 წლის 14 აგვისტოს #5/7 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა სს „საქართველოს ელექტროკავშირის” ავტომატური სატელეფონო სადგური 91-დან შპს „ახალი ქსელების” მიმართულებით და პირიქით „ა” ნომრის გარეშე განხორციელებული სატელეფონო ზარების არსებობის ფაქტები.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზარები „ა” ნომრის გარეშე წარმოებს როგორც სს „საქართველოს ელექტროკავშირის” 91 ავტომატური სატელეფონო სადგურიდან შპს „ახალი ქსელების” მიმართულებით, ასევე შპს „ახალი ქსელების” ავტომატური სატელეფონო სადგურებიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიმართულებით. აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის გაფორმების პროცესში, ვინაიდან ურთიერთჩართული კომპანიების ქსელების ურთიერთთავსებადობისა და            ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფა ურთიერთიერთჩართვის ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა და იგი მხარეთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას წარმოადგენს.

           

კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.         მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბრძანებით შექმნილი „სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ადგილობრივი კავშირის ზონაში სახაზო საკაბელო წყვილებსა და სატელეფონო კანალიზაციაში კაბელის გატარების მომსახურებაზე წარმოქმნილი ეკონომიკური და ტექნიკური პრობლემების” შემსწავლელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტები.

2.         შემსწავლელი ჯგუფის მიერ შემუშავებული სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მომსახურების სახეებზე დანახარჯების განცალკავებულად აღრიცხვისა და განაწილების მოდელი რებალანსირების მიმდინარე ეტაპზე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სატარიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს.

3.         „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” და შპს „ახალმა ქსელებმა” 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტი. ხელშეკრულების პროექტში მხარეებმა გაითვალისწინონ თავიანთი ქსელების ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები.

4.         ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიღებულ იქნეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.

5.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი, ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ. გოთოშია) და იურიდიულ სამსახურებს (გ. კვერენჩხილაძე).

           

           

            კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები