გადაწყვეტილება N 164 საქართველოს ტერიტორიაზე 2001 წლის განმავლობაში ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის მასალების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2002
მიღების თარიღი აპრილი 26, 2002
საქართველოს ტერიტორიაზე 2001 წლის განმავლობაში ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის მასალების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსამაუწყებლო დიაპაზონში ელექტრომაგნიტური ვითარების შესწავლის მიზნით განიხილა 2001 წლის განმავლობაში ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგების ამსახველი მასალა, რომელიც კომისიას წარედგინა მოხსენებითი ბარათების სახით, საიდანაც ირკვევა, რომ სამუშაო ჩატარდა დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, სამეგრელო), ქვემო და შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიულ ადმინისტრაციულ რეგიონებში. კომისიის სამაუწყებლო სამსახურის მიერ მოხსენებითი ბარათების ანალიზის შედეგები და მოსაზრებები წარმოდგენილია სისტემატიზირებული ცხრილების სახით და განმარტებულია მოხსენებით ბარათში (პროექტს თან ერთვის).კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები უნდა დახარისხდეს თვისობრივი ნიშნების მიხედვით და წარმოდგენილ იქნეს სისტემატიზირებული ცხრილური ფორმით. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი და დაფიქსირებული ფაქტები პარაზიტული გამოსხივებების წარმომქმნელი და უნებართვოდ მოქმედი სადგურების არსებობისა, კომისიის მხრიდან კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
კომისია აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნების სამაუწყებლო რადიოსადგურების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი სამაუწყებლო პროგრამების ფიქსირებისა და შესაბამისი სიგნალების დონეების გაზომილი პარამეტრების კრიტერიუმის შეფასების საკითხები სტაბილურ მონიტორინგს მოითხოვს, რადგანაც საზღვრისპირა რეგიონებში ინტენსიურად ხორციელდება სიხშირული რესურსის ათვისება მეზობელი ქვეყნების
მიერ, ხშირ შემთხვევაში ურთიერთკოორდინაციის საერთაშორისო ნორმების იგნორირებითაც.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ადგილობრივი, ასევე მეზობელი ქვეყნების საზღვრისპირა სამაუწყებლო სადგურების სიგნალებით დაფარვის ზონების განსაზღვრა და დაგეგმარება განხორციელდეს საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით, სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამების საფუძველზე. რითაც შესაძლებელი გახდება არსებული ან შესაძლო ხელშეშლების არგუმენტირებული დასაბუთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად სამაუწყებლო სამსახურის უფროსის თ. ძაგნიძის ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე 2001 წლის განმავლობაში ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის მასალების განხილვის შესახებ;
2. გაგრძელდეს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე და სამაუწყებლო სამსახურის მიერ მონიტორინგის მასალები სისტემატიზირებული ცხრილების სახით პერიოდულად იქნეს კომისიაში წარმოდგენილი;
3. ეცნობოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს სათანადო რეაგირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე;
4. ეცნობოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს, საერთაშორისო რეგლამენტის S.9 დანართის ფორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან მავნე ხელშეშლების წარმოქმნის შესახებ;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე