“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2010
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2010
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ადგენს:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006წ., N39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთი და იგივე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა (სააბონენტო ნომრის პორტირების უფლება);“
ბ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, აბონენტისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს ამავე მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სატარიფო პაკეტი, ან მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია;“
გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მისი ფიქსირებული ტერმინალური მოწყობილობის განთავსების ადგილის (მისამართის) შეცვლის შემთხვევაში, ერთი და იმავე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში;“
დ) მე-105 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა (სააბონენტო ნომრის პორტირების უფლება);
ე) მე-105 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5.მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტის უფლება და შესაძლებლობა, აბონენტისთვის გამოყოფილი სააბონენტო ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს ამავე მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სატარიფო პაკეტი ან მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია;
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტამელურობის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან;
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტამელურობის დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი