წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 8 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2026 12:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2026

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2026 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელ წესში“  (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. 45-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიისთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციაში მონაწილე პირთა ერთობლივი შემოსავლების  ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) კონცენტრაციების, ასევე შესაბამის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის დონის ცვლილების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა. პირთა  ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა წრის განსაზღვრის პრინციპები, მათი ერთობლივი შემოსავლების ზღვრული ოდენობები და ამ ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის წესი;

ბ) შეტყობინების ფორმა, მისი წარდგენის წესი და განხილვის პროცედურები.“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კომისიის მიერ კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები.“.

2. 45-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45​1 მუხლი:

„მუხლი 45​1. კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე

1. თუკი კონცენტრაცია ხორციელდება ეკონომიკურ აგენტთა შერწყმის გზით, ამგვარ კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა შერწყმის მონაწილე თითოეული სუბიექტი.

2. ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის მოპოვების გზით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში:

ა) თუკი ხდება ეკონომიკურ აგენტზე ერთპიროვნული კონტროლის მოპოვება, კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან კონტროლის მომპოვებელი პირი და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

ბ) თუკი კონცენტრაციის შედეგად ერთპიროვნული კონტროლი იცვლება ერთობლივი კონტროლით იმგვარად, რომ ეკონომიკური აგენტის ერთპიროვნული მაკონტროლებელი სუბიექტი სრულად ტოვებს კომპანიას, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევიან ერთობლივი კონტროლის მომპოვებელი პირები და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

გ) თუკი კონცენტრაციის შედეგად ერთპიროვნული კონტროლი იცვლება ერთობლივი კონტროლით იმგვარად, რომ ეკონომიკური აგენტის ერთპიროვნული მაკონტროლებელი სუბიექტი რჩება კომპანიაში, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა ყველა ის პირი, რომელსაც კონცენტრაციის შედეგად ეკონომიკურ აგენტზე ექნება ერთობლივი კონტროლი (მათ შორის, არსებული და ახალი), ხოლო ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება, არ მიიჩნევა კონცენტრაციაში მონაწილე პირად;

დ) თუკი კონცენტრაციის შედეგად იცვლება ერთობლივი კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტთა შემადგენლობა ან/და ერთობლივი კონტროლის ხარისხი, თუმცა კონტროლი კვლავ ერთობლივი რჩება, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა ყველა ერთობლივი კონტროლის მომპოვებელი სუბიექტი (არსებული და ახალი) და, ასევე, ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

ე) ახლად შექმნილ ეკონომიკურ აგენტზე ერთობლივი კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, თუკი ახლად შექმნილი სუბიექტი არ ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას, კონცენტრაციის მონაწილეა კონტროლის მომპოვებელი თითოეული სუბიექტი, ხოლო ის ახლად შექმნილი სუბიექტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება, არ მიიჩნევა კონცენტრაციაში მონაწილე პირად;

ვ) თუ კონცენტრაციის შედეგად სამიზნე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირ კონტროლს იძენს კომპანია, რომელიც არ წარმოადგენს სრულად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ეკონომიკურ აგენტს, კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან ამგვარი სუბიექტის მაკონტროლებელი პირები და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება.

3. ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შემთხვევაში კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან ის სუბიექტები, რომლებიც აფუძნებენ ერთობლივ საწარმოს.“.

3. 46-ე მუხლის:

ა)   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  კომისიისათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მასში მონაწილე პირების ჯამური წლიური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის  ერთობლივი წლიური შემოსავალი  აღემატება 5 მილიონ ლარს.“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუკი კონცენტრაციაში მონაწილე ან მასთან წინამდებარე წესის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით დაკავშირებული ეკონომიკური აგენტი რეგისტრირებულია    კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების კომისიაში წარმოდგენის წელს, მხედველობაში მიიღება ამავე კალენდარული წლის განმავლობაში შეტყობინების წარმოდგენის მომენტამდე არსებული მისი ერთობლივი შემოსავალი. თუკი კონცენტრაცია განხორციელდა კომისიის გვერდის ავლით და კონცენტრაციაში მონაწილე ან მასთან წინამდებარე წესის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით დაკავშირებული ეკონომიკური აგენტი რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება ამავე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მისი ერთობლივი შემოსავალი.“;

გ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია აგრეთვე დასაშვებია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების (მოდიფიკაციების) შესრულების პირობით.“.

4. 47-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა  ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი, ერთობლივი შემოსავალი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გათვალისწინებით.“;

გ)   მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან/და არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი ეკონომიკური აგენტები;“.

დ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ​1“ ქვეპუნქტი:

„ბ​1) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი პირ(ებ)ის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები;“;

ე) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციაში მონაწილე პირთა და მათი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი პირების კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტების ერთობლივი კონტროლის ქვეშ.“;

ვ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ეკონომიკურად ურთიერთდაკავშირებული ან/და ერთსა და იმავე პირებს შორის განხორციელებული რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში კონტროლის მომპოვებელ პირს/ პირებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ ბოლო ტრანზაქციის განხორციელებამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევებში კონცენტრაციად განიხილება ამ ტრანზაქციების ერთობლიობა და იგი განხორციელებულად ითვლება ბოლო ტრანზაქციის შესრულებით.“.

6. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​​​1 პუნქტი:

„2​1. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია ამ მუხლით მოთხოვნილი ან შემდგომში გამოთხოვილი გარკვეული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა, მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენის შეუძლებლობა, მიუთითოს მიზეზი და დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები.“

გ)   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეტყობინება კომისიაში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ შეტყობინება კომისიაში წარდგენილია არასამუშაო საათებში, იგი რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს და შეტყობინების კომისიაში წარდგენის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული რეგისტრაციის დღე.“;

დ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს შეტყობინების შესაბამისობას დანართი №2.3-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“

7. 51-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ვალდებულია შეტყობინების განხილვის დაწყებიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.“.

8. 53-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხარის/მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით,  ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს  კონცენტრაციის მხარეები.“;

ბ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებ(ებ)ის თაობაზე, შესაბამისი ვად(ებ)ის მითითებით.“.

9. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 73. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი კონცენტრაციისთვის გაცხადებულ თითოეულ შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს ან/და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ე) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი 2.3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი

 

ანი ვაზაგაშვილი

კომისიის წევრი

 

ივანე მახარაძე

კომისიის წევრი

 

ეკატერინე იმედაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

 

გოგა გულორდავა

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები