ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2024 16:35
მიღების თარიღი ივნისი 27, 2024
|
„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი“ თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი
მუხლი 1. ძირითადი დებულებები 1. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის მიზანია „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების მიერ ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა. 2. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი განსაზღვრავს ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისა და მისი ადმინისტრირების საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ბ) ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონი – „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) პლატფორმა − ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონით განსაზღვრული ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა; დ) რეგისტრაცია − პლატფორმაზე წვდომის მიზნით, პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების საფუძვეზე, ამ პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის შენახვა); ე) რეგისტრირებული პირი − პირი, რომელმაც გაიარა პლატფორმაზე რეგისტრაცია; ვ) პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია − პლატფორმით სარგებლობის, ფუნქციების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალური წესები, რომლებიც მიიღება კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ზ) წესი − წინამდებარე ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონით და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. პლატფორმაზე რეგისტრაცია 1. პლატფორმაზე პირის რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის საჭირო მონაცემების კომისიისთვის მიწოდება შესაძლებელია როგორც უშუალოდ პლატფორმის მეშვეობით, ასევე კომისიის მიერ კორესპონდენციის მიღებისთვის დადგენილი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2. პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ ინფრასტრუქტურის ოპერატორს ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. 3. პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია მოიცავს პირის დასახელებას/საფირმო სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე მისი წარმომადგენელი ფიზიკური პირის სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციას და უფლებამოსილებას. 4. პლატფორმაზე რეგისტრირებულ ინფრასტრუქტურის ოპერატორს აქვს მხოლოდ მის მიერ პლატფორმისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნახვის უფლება, ხოლო რეგისტრირებულ ავტორიზებულ პირს, პლატფორმაზე განთავსებული სრული ინფორმაციის ნახვის უფლება. 5. პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის დეტალური პროცედურა განისაზღვრება პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციით. მუხლი 4. პლატფორმისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონით განსაზღვრული პირი ვალდებულია პლატფორმაზე განათავსოს ამავე კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. 2. ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონით წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, ფიზიკური ინფრასტრუქტურის ოპერატორის ან საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ პლატფორმაზე განთავსების მიზნით ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, პლატფორმის მეშვეობით. 3. პლატფორმისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. 4. ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოწოდება უნდა მოხდეს: ა) ახალი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში − ინფრასტრუქტურის მფლობელობაში გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მისი ექსპლუატაციის დაწყების დღიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში; ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის ცვლილებისას − ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. 5. პირი, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია პლატფორმას მიაწოდოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობისა და შესაბამისი მარშრუტის შესახებ; ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტიპისა და ამჟამინდელი დანიშნულების შესახებ; გ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის სივრცითი პარამეტრების შესახებ; დ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურის გაზიარების დამაბრკოლებელი გარემოებების (რომელიც ინფრასტრუქტურის ოპერატორისთვის წინასწარ არის ცნობილი) და ტექნიკური ინსტრუქციების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) ინფრასტრუქტურის ოპერატორის ქსელში ფიზიკური ინფრასტრუქტურის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ. 6. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით პლატფორმისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად უფლებამოსილი ორგანოსთვის პროექტის წარდგენამდე სულ მცირე 2 (ორი) თვით ადრე. 7. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციის განხორციელების მიზნით პირი ვალდებულია პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამშენებლო სამუშაოების ადგილმდებარეობისა და ტიპის შესახებ; ბ) აღნიშნული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელის ელემენტების შესახებ; გ) სამშენებლო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ; დ) საკონტაქტო პირის შესახებ; ე) შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად უფლებამოსილი ორგანოსთვის პროექტის წარდგენის ვადის შესახებ. 8. ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია პლატფორმას მასზე განთავსების მიზნით ინფორმაცია მიაწოდოს ნაწილობრივ, მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ინფორმაციის ნაწილობრივ მიწოდების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომისიას და მიუთითოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პლატფორმისთვის მიუწოდებლობა არ ათავისუფლებს ინფრასტრუქტურის ოპერატორს ამავე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდების ვალდებულებისგან. 10. თუ კომისია დაადგენს, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ პლატფორმისთვის ინფორმაციის ნაწილობრივ წარდგენა არ შეესაბამება ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ პლატფორმისთვის ინფორმაციის სრულად წარდგენის დავალდებულების შესახებ, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 11. ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დეტალური პროცედურა განისაზღვრება პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციაში. მუხლი 5. პლატფორმაზე ინფორმაცის განთავსება და მასთან წვდომა 1. პლატფორმისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფიზიკური ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ სრულად განთავსდება პლატფორმაზე და ღიაა პლატფორმაზე რეგისტრირებული პირებისთვის ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. პლატფორმაზე განთავსდება ინფრასტრუქტურის ოპერატორების და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია. მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 1. დადგენილების ამოქმედების დროისთვის ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მის ხელთ არსებული სივრცითი პარამეტრების) პლატფორმისთვის პირველადად მიწოდება უნდა მოხდეს პლატფორმის ამოქმედებიდან 6 (ექვსი ) თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2- პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. ცალკეული ინფრასტრუქტურის ოპერატორის დასაბუთებული წერილობითი მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია შესაბამის ინფრასტრუქტურის ოპერატორს განუსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადად მიწოდების განსხვავებული ვადა. |