წვდომის მენიუ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2024 16:30

მიღების თარიღი ივნისი 27, 2024

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2024 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450.140.000.05.001.001.632, 23/12/2004) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 51​2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 76-ე მუხლის 35-ე და მე-40 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესს (შემდგომში „წესი“) ამტკიცებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესებს.

2. წესი შესასრულებლად სავალდებულოა და განსაზღვრავს აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებებს.

3. წესი არ ვრცელდება რეკლამასა და ტელეშოპინგზე.

4. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

ბ) ხელმისაწვდომობა – აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ, სუბტიტრების, აუდიოდესკრიფციის და ჟესტური ენის მეშვეობით;

გ) სუბტიტრები – პროგრამის აუდიომასალის წერილობითი ტრანსკრიფცია, რომელსაც შეიძლება დაემატოს სხვა ინფორმაციაც, გადმოცემული ტექსტის მომხმარებლისთვის აღქმის გასაადვილებლად;

დ) აუდიოდესკრიფცია – პროგრამაში წარმოთქმულ სიტყვებს შორის ეკრანზე გამოტანილი მოვლენის/ქმედების მკაფიო, ლაკონური აღწერა, მომხმარებლის მიერ აღქმის გასაადვილებლად;

ე) ჟესტური ენა – არავერბალური, ვიზუალური ენა, როდესაც ინფორმაციის კოდირება მანუალური და მიმიკური საშუალებებით ხორციელდება;

ვ) მომხმარებელი – ტელემაუწყებლის მაყურებელი/მსმენელი, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მომხმარებელი.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში მოცემული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები

1. ამ წესის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. ამ წესის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU დირექტივის „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებითა ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად, რათა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა.

 

თავი II

ირითადი პრინციპები

მუხლი 4. პრინციპები

წესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ღირსების პატივისცემა, ინდივიდუალური ავტონომია, მათ შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და პირთა დამოუკიდებლობა;

ბ) დისკრიმინაციის გამორიცხვა;

გ) საზოგადოებაში სრული და ეფექტური ჩართულობა;

დ) განსხვავებულობის პატივისცემა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პატივისცემა, როგორც ადამიანის მრავალფეროვნებისა და ჰუმანურობის შემადგენელი ნაწილი;

ე) თანაბარი შესაძლებლობები;

ვ) ხელმისაწვდომობა;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესაძლებლობების და უფლებების პატივისცემა.

მუხლი 5. მიზანი

წესის მიზანია უზრუნველყოს, რომ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ყველა მიმწოდებელმა მომსახურებები განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, პროპორციული ზომების მეშვეობით და დააწესოს სტანდარტები.

 

თავი III

პროგრამის ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 6. სუბტიტრები და ჟესტური ენა

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა პროგრამები ეტაპობრივად უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სუბტიტრების ან ჟესტური ენის მეშვეობით, შემდეგი ვადებისა და მიზნების დაცვით:

 

 

2029

2030

2031

2032

2033

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

20%

30%

50%

70%

80%

საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა არხები/ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

10%

20%

40%

60%

70%

საეთერო ეროვნული მაუწყებლები

10%

10%

20%

30%

40%

 სხვა მაუწყებლები

5%

10%

10%

20%

20%

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც წლის განმავლობაში კატალოგში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის 50%-ზე ნაკლები აქვთ ფილმები და სერიალები

5%

5%

5%

5%

5%

სხვა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლები

5%

10%

15%

20%

25%

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები მაუწყებლების მიერ ასევე უნდა შესრულდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საუკეთესო დროშიც.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლები გამოითვლება ყველა პროგრამის დროის პროცენტული ოდენობებიდან ყოველი კვარტლის განმავლობაში.

შენიშვნა:

1. ცხრილში მითითებული ვადა გულისხმობს მითითებული წლის 1 იანვრამდე პერიოდს.

2. ცხრილში მითითებული პროცენტული წილი გულისხმობს:

ა) მაუწყებლების შემთხვევაში სამაუწყებლო ბადეში შემავალი პროგრამების დროით წილს;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის შემთხვევაში კატალოგში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის წილს.

3. თუ მაუწყებელს რამდენიმე არხი აქვს, ეს მიზნები ვრცელდება თითოეულ არხზე ცალ-ცალკე.

4. 2033 წლის შემდეგ მოქმედებს 2033 წლისთვის გათვალისწინებული ვალდებულება.

მუხლი 7. აუდიოდესკრიფცია

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა თითოეული პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეტაპობრივად უნდა გახადონ უფრო ხელმისაწვდომი თავიანთი პროგრამები აუდიოდესკრიფციით, შემდეგი ვადებისა და მიზნების დაცვით.

 

 

2029

2030

2031

2032

2033

საზოგადოებრივი მაუწყებლები

1%

3%

4%

6%

8%

საეთერო ეროვნული მაუწყებლები

0%

2%

2%

3%

5%

სხვა მაუწყებლები

0%

0%

0%

2%

3%

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი

0%

2%

2%

3%

5%

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ასევე უნდა შესრულდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საუკეთესო დროშიც.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლები გამოითვლება ყველა შესაბამისი პროგრამის დროის პროცენტული ოდენობებიდან ყოველი კვარტლის განმავლობაში.

4. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლები, რომლებსაც წლის განმავლობაში კატალოგში აქვთ 50%-ზე ნაკლები ფილმები და სერიალი, თავისუფლდებიან აუდიოდესკრიფციით პროდუქციის განთავსების ვალდებულებისგან.

შენიშვნა:

1. ვადა გულისხმობს მითითებული წლის 1 იანვრამდე პერიოდს.

2. პროცენტული წილი გულისხმობს:

ა) მაუწყებლების შემთხვევაში სამაუწყებლო ბადეში შემავალი პროგრამების დროით წილს;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის შემთხვევაში კატალოგში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის წილს.

3. თუ მაუწყებელს რამდენიმე არხი აქვს, ეს მიზნები ვრცელდება თითოეულ არხზე ცალ-ცალკე.

4. 2033 წლის შემდეგ მოქმედებს 2033 წლისთვის გათვალისწინებული ვალდებულება.

5. აუდიოდესკრიფციის ვალდებულება ვრცელდება და შესაბამისად ცხრილში მოყვანილი პროცენტული მიზნები გამოითვლება ფილმებიდან, სერიალებიდან და სხვა ისეთი პროგრამებიდან, რომელიც წინასწარ იწერება და არ გადის პირდაპირ ეთერში.

მუხლი 8. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები

1. 2027 წლის 1 იანვრამდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (რომლებიც იმ არხების ტრანზიტს ახორციელებენ, რომლებსაც ამ წესის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამების მიწოდების ვალდებულება აქვთ) უნდა ჰქონდეთ მზად ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაძლებლობას, მომსახურება მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით. როდესაც მაუწყებელი უზრუნველყოფს პროგრამის ხელმისაწვდომობას ამ წესით გათვალისწინებული ფორმით (სუბტიტრები, ჟესტური ენა, აუდიოდესკრიფცია), ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის მომხმარებლისათვის იმავე ფორმით ხელმისაწვდომობა.

2. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩართოს ან გამორთოს სუბტიტრები ან აუდიოდესკრიფცია.

3. 2029 წლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში უნდა გადასცეს მის მომხმარებლებს სეტ-ტოპ ბოქსი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობას. ასეთი სეტ-ტოპ ბოქსები, მხედველობადაქვეითებულ და სმენადაქვეითებულ მომხმარებლებს უნდა დაეხმაროს მენიუს (EPG) აღქმასა და მის მოხმარებაში.

მუხლი 9. გამონაკლისები

1. თუ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი კომისიას დაუდასტურებს, რომ ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება საფრთხეს უქმნის მის საქმიანობას, კომისიას შეუძლია შეამციროს, შეაჩეროს, ან შეწყვიტოს ვალდებულებების მოქმედება. განმცხადებელმა მისი შემოსავლებისა და პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხარჯების შესახებ ინფორმაციით უნდა დაადასტუროს, რომ ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელს გახდის მის საქმიანობას.

2. მაუწყებლებს, რომლებსაც წლის განმავლობაში პროგრამაში აქვთ 10%-ზე ნაკლები მხატვრული და დოკუმენტური ფილმები და სერიალები, უფლება აქვთ კომისიას მიმართონ განცხადებით აუდიოდესკრიფციის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.

მუხლი 10. ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენების პროგრამების ხელმისაწვდომობა

ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდების უზრუნველყოფის პროცესში უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა პრიორიტეტი მიენიჭოს იმ პროგრამების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების გამოხატვისა და აზრის თავისუფლებას, მათ შორის ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას.

მუხლი 11. ანონსი

1. ნებისმიერი ხელმისაწვდომი პროგრამის ანონსში და დასაწყისში, ხოლო გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში პროგრამის ანონსში და პროგრამის დასაწყისში ან აუდიოვიზუალური პროდუქციის აღწერის ნაწილში, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა უნდა განათავსონ შემდეგი სტანდარტული სიმბოლოები პროგრამის ხელმისაწვდომობის შესახებ:

 

ST – სუბტიტრები 

AD – აუდიოდესკრიფცია 

2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბეჭდურ, სამაუწყებლო, ან ონლაინრეჟიმში შექმნილი და გამოქვეყნებული კატალოგი/პროგრამათა განრიგი (მაგალითად, სხვა მედიისთვის მიწოდებული მასალის, თრეილერების, ვებსაიტების, პროგრამების ელექტრონული ინსტრუქციების, სოციალური მედიის სპეციფიკური მასალის მეშვეობით გამოქვეყნებული განრიგი) მიუთითებდეს, რომელი პროგრამაა ხელმისაწვდომი, აგრეთვე ხელმისაწვდომობის ტიპი.

3. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ხელმისაწვდომი პროგრამის ანონსი განთავსებული იყოს ხელმისაწვდომი ფორმით.

მუხლი 12. საზოგადოებრივი ინტერესი და საგანგებო ინფორმაცია

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა საგანგებო ინფორმაცია, მათ შორის საჯარო კომუნიკაცია და განცხადებები სტიქიური მოვლენების შესახებ, საზოგადოებას მიეწოდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.

2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ინფორმაცია, მათ შორის მთავრობის საჯარო განცხადებები, საზოგადოებას მიეწოდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, საზოგადოებრივი მაუწყებლების გარდა სხვა მედიამომსახურებების მიმწოდებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებათ, თუ ისინი მიიღებენ აუდიოვიზუალურ მასალას ხელმისაწვდომი ფორმით შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან. ამასთან, ამ მუხლის ვალდებულებები მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება, რომლებიც ახორციელებენ არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ავრცელებენ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს.

 

თავი IV

ხარისხის და შესაბამისობის მოთხოვნები

მუხლი 13. ხარისხის მოთხოვნები

აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა უნდა მიმართონ ყველა ზომას პროგრამების სუბტიტრების, ჟესტური ენის და აუდიოდესკრიფციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. კომისიას შეუძლია გასცეს პროგრამის ხელმისაწვდომობის ხარისხთან დაკავშირებული რეკომენდაციები. პროგრამის ხელმისაწვდომობის ხარისხთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) და მე-15 მუხლში მითითებულ ონლაინ პორტალზე.

მუხლი 14. შესაბამისობა

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თითოეული მიმწოდებელი გამოყოფს ხელმისაწვდომობის საკითხებზე საკონტაქტო პირს არაუგვიანეს 2027 წლის 1 ივლისამდე. ხელმისაწვდომობის საკითხებზე საკონტაქტო პირის ფუნქციაა უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ხელი შეუწყოს დიალოგს აუდიოვიზუალური მედიამოსახურებების მიმწოდებლებსა და ხელისუფლების ორგანოებს, დაწესებულებებს, ასოციაციებსა და ფართო საზოგადოებას შორის, რომლებიც ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლები, 2027 წლის 1 ივლისამდე შეიმუშავებენ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის სამოქმედო გეგმას, რომელსაც საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ და წარუდგენენ კომისიას სამ წელიწადში ერთხელ.

3. ხელმისაწვდომობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვებგვერდზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.

4. 2030 წლის 1 სექტემბრამდე და შემდეგ 3 წელიწადში ერთხელ, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ წესის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასევე, ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ.

 

თავი V

ონლაინპორტალი

მუხლი 15.ონლაინპორტალი

1. 2027 წლის 01 იანვრამდე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ამ წესის შესაბამისად შეიქმნება ერთიანი, ადვილად და საჯაროდ ხელმისაწვდომი ონლაინ საკონტაქტო პორტალი, სადაც განთავსდება ინფორმაცია და მიიღება საჩივრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ.

2. ონლაინპორტალზე განთავსდება იმ პროგრამების განახლებული ჩამონათვალი (კატალოგი/განრიგი), რომლებსაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლები უშვებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.

3. ონლაინპორტალზე განთავსდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის საკონტაქტო პირების საკონტაქტო მონაცემების მუდმივად განახლებადი სია.

4. ონლაინპორტალზე განთავსდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები.

5. ონლაინპორტალზე განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესსა და მეთოდებზე, როგორც კომისიის, ისე ხელმისაწვდომობის საკითხებზე საკონტაქტო პირების მიერ.

6. ონლაინპორტალზე განთავსებული ყველა ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით, განსაკუთრებით, საჩივრების განხილვის პროცედურები (პირადად, ტელეფონით, ჟესტების ენით და ა.შ.).

 

თავი VI

დებულების მოთხოვნების შესრულება

მუხლი 16. პასუხისმგებლობა

ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

თავი VII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 17. სხვა რეგულაციების დაცვა

ამ წესის მოთხოვნების დაცვა არ გამორიცხავს აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.


 
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები