წვდომის მენიუ

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2024 16:28

მიღების თარიღი ივნისი 27, 2024

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2024 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და 76-ე მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე

 

 
 
 
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) ადგენს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების პრინციპებს, წესებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

2. კოდექსი განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების კრიტერიუმებს, ასევე საქართველოში ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა უფლებებს და მოვალეობებს.

3. კოდექსი ეფუძნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პრინციპებს, რათა უზრუნველყოს კონკურენტული გარემოს შექმნა და თავისუფალი მეწარმეობა, საზოგადოების და არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ონლაინმასალისაგან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისათვის, მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით  გათვალისწინებული ტერმინთა განმარტება.

მუხლი 3. კოდექსის მოქმედების ფარგლები

ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-7 - მე-9 პუნქტების საფუძველზე ექცევიან ამ კანონის რეგულირების სფეროში.

თავი II. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების იდენტიფიკაცია

მუხლი 4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების იდენტიფიკაცია

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა გაასაჯაროოს და უზრუნველყოს მარტივი, პირდაპირი და მუდმივი წვდომა მინიმუმ შემდეგ ინფორმაციაზე:

ა) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სახელი/სახელწოდება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) მომსახურების ინტერნეტმისამართი;

დ) დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტა ან ვებგვერდი;

ე) არასრულწლოვანთა და ფართო საზოგადოების დაცვის მიზნით მიღებული ზომები;

ვ) კომისიის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ავტორიზაციის დეკლარაცია). 

თავი III. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ვალდებულებები

მუხლი 5. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა  ვალდებულებები

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაიცვას საზოგადოება აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან:

ა) რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ბ) რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. ვიდეორგოლი, პროგრამა ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო;

გ) რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის − ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის ან ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის − ნიშნებს.

2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები:

ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში;

ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ;

გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კოდექსით დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა;

დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს;

ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება;

ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.

3. მასალა, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას, მათ შორის (და არა მხოლოდ)  სასტიკი და უკიდურესი ძალადობის დემონსტრირება, პორნოგრაფიული მასალა, ძალადობის ელემენტებით, ან უკიდურესი სექსუალური ფეტიშები და მსგავსი მასალა, ექვემდებარება წვდომაზე კონტროლის უმკაცრეს ზომებს.

4. აკრძალულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეგროვებული ან მათ მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის პროფილის შექმნით, ქცევისკენ მიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით.

მუხლი 6. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები აუდიოვიზუალურ კომერციულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები უზრუნველყოფენ იმ აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციების შესაბამისობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​5 მუხლის მოთხოვნებთან, რომელთა მარკეტინგს, გაყიდვასა და ორგანიზებას ახორციელებენ, კერძოდ:

ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია;

ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა;

გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია:

გ.ა) არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას;

გ.ბ) არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას;

გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას;

გ.დ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს;

დ) სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია;

ე) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება;

ვ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა;

ზ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში.

მუხლი 7. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებებირომლებიც დაკავშირებულია აუდიოვიზუალურ კომერციულ კომუნიკაციებთანრომლებიც არ არის რეალიზებული ან ორგანიზებული ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი არ ახორციელებს.

მუხლი 8. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებლების მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან შეიმუშონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია  საქართველოში მოქმედი მთავარი დაინტერესებული პირების მიერ, ნათლად და ცალსახად აყალიბებს დასახულ მიზნებს და უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღსრულებას.

2. ამ მუხლში მითითებული ქცევის კოდექსი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა მიზანია ისეთი სასმელების და სურსათის აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციებისგან ბავშვების დაცვა, რომლებიც შეიცავენ ცხიმებს, მჟავებს, მარილებს ან ნატრიუმს და შაქარს, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. მნიშვნელოვანია, ქცევის კოდექსით უზრუნველყოფილი იყოს, რომ აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციები არ მიუთითებდეს ამ სახის სურსათის და სასმელების დადებით ხარისხზე.

  მუხლი 9. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებლების მიერ მიღებული ზომების მიზანშეწონილობის შეფასების მექანიზმები

 ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით.

თავი IV

კოდექსის მოთხოვნების დაცვა

მუხლი 10. პასუხისმგებლობა

ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  IX თავით დადგენილი წესით.

თავი V

დასკვნითი დებულებები

მუხლი 11. კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ამ კოდექსის დებულებების დაცვა არ გამორიცხავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებლების ვალდებულებას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები