ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2024 16:18
მიღების თარიღი ივნისი 27, 2024
|
ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები“ თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები (შემდგომში – დაშვების წესები) განსაზღვრავს ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების სამართლებრივ და ტექნიკურ წესებსა და პირობებს, „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავების განხილვის წესს, ასევე ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დაშვების წესები არეგულირებს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელსა და ავტორიზებულ პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ის არ აწესრიგებს უშუალოდ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განთავსების მიზნით სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებულ იმ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებსაც სათანადო ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ შესაბამისი ნებართვების/თანხმობების გაცემის გზით სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება დაშვების წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ დაშვების წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კანონი – საქართველოს კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“. სამუშაო დღე – კალენდარული დღე, გარდა შაბათისა და კვირისა, ასევე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ ან მის შესაბამისად განსაზღვრული უქმე დღეებისა. მუხლი 3. ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე შესწავლა 1. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ავტორიზებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლა ხდება კანონით დადგენილი წესით. 2. ავტორიზებული პირის მიერ ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის და ადგილზე შესწავლის მოთხოვნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით. ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის წერილში მაქსიმალურად დაკონკრეტებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არის მოთხოვნილი და რომელზეც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განთავსება არის დაგეგმილი. 3. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია ავტორიზებულ პირს მიაწოდოს წერილობითი სახით და იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე იმ ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრულია კანონით. მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმაც უნდა მოხდეს წერილობით. ამასთან, ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია დეტალურად განმარტოს უარის თქმის მიზეზი და მიუთითოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. 4. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ინფორმაციის გაუცემლობის ან ნაწილობრივ გაცემის შემთხვევაში, აღნიშნული უარი/ნაწილობრივი უარი უნდა ემყარებოდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას/წერილობით პოზიციას ან/და შესაბამის სამართლებრივ აქტს. 5. დაუშვებელია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ავტორიზებული პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასრულად მიწოდება ნებისმიერი სხვა საფუძვლით, გარდა კანონით განსაზღვრული საფუძვლებისა. 6. ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ავტორიზებული პირის წერილობით მოთხოვნაზე კანონით დადგენილ ვადაში წერილობითი პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად და მხარეს წარმოეშობა კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება. 7. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 8. თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორს დაწესებული აქვს გარკვეული პირობები საკუთარი ინფრასტრუქტურის ადგილზე შესწავლის მიზნით ადგილზე დაშვებისთვის, იგი ვალდებულია, რომ ეს პირობები დეტალურად განუმარტოს წერილობით ადგილზე შესწავლის მომთხოვნ ავტორიზებულ პირს. 9. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დაწესებული პირობები უნდა იყოს პროპორციული, არადისკრიმინაციული და მიზნად არ უნდა ისახავდეს კანონით და დაშვების წესებით დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის არიდებას. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ავტორიზებული პირისათვის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაწესებული მოთხოვნები არ უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობით ან მის საფუძველზე საკუთარი პერსონალისთვის განსაზღვრულზე მკაცრი. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე ვრცელდება კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურების მიმართაც. მუხლი 4. ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მოთხოვნა 1. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ინფრასტრუქტურის ოპერატორს მოსთხოვოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება. 2. ამ წესის მიზნებისთვის მოთხოვნის ადრესატს წარმოადგენს პირი, რომელსაც კანონის ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე გააჩნია ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე პირის დაშვების უფლებამოსილება. 3. ავტორიზებული პირი ვალდებულია დაშვების მოთხოვნა წარადგინოს წერილობითი ფორმით. 4. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ავტორიზებული პირი ვალდებულია წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს: ა) დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია (რომლის მეშვეობითაც ინფრასტრუქტურის ოპერატორი შეძლებს მასთან დაკავშირებას); ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა (ფიზიკური ინფრასტრუქტურის მდებარეობა, საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში), ინფრასტრუქტურის კონკრეტული მონაკვეთი), რომელზეც დაშვება არის მოთხოვნილი; გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მოთხოვნილი ვადა; დ) დაშვების საფასურის გადახდის მეთოდი (ყოველთვიური, ყოველწლიური და სხვა) ე) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი. 5. თუ ავტორიზებული პირის მოთხოვნა არ შეიცავს ან არასრულყოფილად შეიცავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს განცხადების (დაშვების მოთხოვნის შესახებ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამისთვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. 6. ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია დაშვების მოთხოვნა განუხილველად დატოვოს. 7. მოთხოვნის განუხილველად დატოვება არ ართმევს უფლებას ავტორიზებულ პირს ხელახლა მიმართოს ინფრასტრუქტურის ოპერატორს დაშვების მოთხოვნით, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. 8. ინფრასტრუქტურის ოპერატორმა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი წერილობით მოთხოვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში უნდა დადოს ავტორიზებულ პირთან ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების შესახებ ხელშეკრულება ან უარი უთხრას ავტორიზებულ პირს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე, დაშვების წესების და კანონით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. 9. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ფაქტობრივი დაშვება განახორციელოს მათ შორის გაფორმებულ დაშვების შესახებ ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ვადაში. 10. სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება დაშვების წესების დანართი №1-ის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების/პარამეტრების შემცირება, ხოლო გაზრდა დაუშვებელია. 11. ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ტექნიკური პირობები განისაზღვრება დაშვების წესების დანართი №2-ის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დანართი №2-ით განსაზღვრული მოთხოვნების/პარამეტრების შემცირება, ხოლო გაზრდა დაუშვებელია. 12. იმ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ტექნიკური პირობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული დანართი №1-ით და დანართი №2-ით, უნდა დადგინდეს მხარეთა შორის შეთანხმებული სახით, კანონის და დაშვების წესების პრინციპებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით და ნებისმიერი ტექნიკური მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და მის საფუძველზე დაწესებულ შესაბამის სტანდარტებს. დაუშვებელია ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის ისეთი ტექნიკური მოთხოვნების დადგენა, რომელიც მხოლოდ კანონით და დაშვების წესებით დადგენილი მოთხოვნებისგან თავის არიდებას ისახავს მიზნად. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში კომისია დავას განიხილავს კანონით და დაშვების წესებით განსაზღვრული პრინციპების და სულისკვეთების გათვალიწინებით. მუხლი 5. ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების შესახებ ხელშეკრულება 1. ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების შესახებ იდება წერილობითი ხელშეკრულება. 2. დაშვების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ხელშეკრულების მხარეები; ბ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ხელშეკრულების მოქმედების ვადა; გ) ხელშეკრულების საგანი; დ) მხარეთა უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პირობები); ე) დაშვების საფასური; ვ) დაშვების საფასურის გადახდის წესი და პირობები; ზ) ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები; თ) პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის დაკისრების და გადახდის წესი და პირობები (თუ პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმას ითვალისწინებს ხელშეკრულება); ი) ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი; კ) სხვა პირობები, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან და რომელიც წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. 3. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ წერილობით (შესაძლებელია ელექტრონული წერილობითი ფორმის გამოყენებაც) აცნობოს ავტორიზებულ პირს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შეფერხება და ასევე შეატყობინოს სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღი, ხოლო გაუთვალისწინებელი სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შეფერხება, დაუყოვნებლივ წერილობით (შესაძლებელია ელექტრონული წერილობითი ფორმის გამოყენებაც) აცნობოს ავტორიზებულ პირს და ასევე შეატყობინოს სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღი. მუხლი 6. ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე უარის თქმა 1. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ამ წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს მხოლოდ შემდეგი ობიექტური, გამჭვირვალე და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე: ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ პარამეტრებთან (სტანდარტებთან) შეუსაბამობა, რომელზედაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად დაშვებაა მოთხოვნილი; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად საჭირო სივრცის უკმარისობა, მათ შორის, ამ სივრცის ინფრასტრუქტურის ოპერატორის საჭიროებებისთვის გამოყენების აუცილებლობა, რაც დასაბუთებული უნდა იყოს; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მავნე ზეგავლენისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; დ) ნებისმიერი ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) იმის რისკი, რომ დაგეგმილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს აღნიშნულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე სხვა მომსახურებების მიწოდებას; ვ) საბითუმო ფიზიკური ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაშვების რეალური ალტერნატიული საშუალებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ დაშვება შეთავაზებული იქნება სამართლიანი და გონივრული პირობებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაშვებაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უარი ემყარება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას/წერილობით პოზიციას ან/და შესაბამის სამართლებრივ აქტს. 3. ინფრასტრუქტურის ოპერატორს ეკრძალება უარი უთხრას ავტორიზებულ პირს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე ნებისმიერი სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა. 4. ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ავტორიზებული პირის დაშვებაზე უარის დასაბუთების ტვირთი ეკისრება ინფრასტრუქტურის ოპერატორს. 5. ინფრასტრუქტურის ოპერატორმა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე უარი ავტორიზებულ პირს უნდა აცნობოს წერილობით, სადაც უნდა იყოს დასაბუთებული ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე უარი და მითითებული უნდა იყოს უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. 6. თუ ავტორიზებული პირი მიიჩნევს, რომ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე ინფრასტრუქტურის ოპერატორის წერილობითი უარი დაუსაბუთებელია, მას უფლება აქვს საჩივრით მიმართოს კომისიას. 7. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ დაშვების წესების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაშვების მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა ან/და ხელშეკრულების გაუფორმებლობა განიხილება დაშვებაზე უარად და ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს კომისიას. მუხლი 7. საჩივრის ფორმა და დასაშვებობა 1. კანონით დადგენილი მოთხოვნების (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისა) დარღვევის შესახებ საკითხს კომისია განიხილავს მხოლოდ მხარეთა საჩივრის საფუძველზე. 2. კანონით დადგენილ საკითხებზე კომისიისთვის მიმართვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართვის საფუძვლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. 3. დაშვების პირობებზე შეუთანხმებლობის შეთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ინტერესის არსებობისას, კომისიისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია როგორც ინფრასტრუქტურის ოპერატორს, ასევე დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს. 4. დაუშვებელია კომისიისთვის პირდაპირ მომართვა, მანამ სანამ მხარეები არ ეცდებიან შეთანხმებას კანონისა და დაშვების წესების შესაბამისად. 5. გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება დაშვებაზე ან კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე უარის თქმის შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, ხოლო კანონით დადგენილ ვადაში პასუხის მიუღებლობის/ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 6. ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას საჩივარი წარუდგინოს წერილობითი ფორმით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) საჩივრის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) მოთხოვნის არსი და სამართლებრივი საფუძველი; გ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი. 7. საჩივარს თან უნდა ახლდეს ავტორიზებული პირის ინფრასტრუქტურის ოპერატორისთვის გაგზავნილი წერილობითი მიმართვა/მიმართვის ასლი და ინფრასტრუქტურის ოპერატორის წერილობითი უარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საჩივარი განპირობებულია იმით, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორმა წერილობით არ გასცა პასუხი ავტორიზებულ პირს კანონით დადგენილ ვადებში, მაშინ ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს საჩივარში. 8. კომისია 5 სამუშაო დღის ვადაშია ამოწმებს საჩივრის შესაბამისობას ამ მუხლის მე-6-მე - მე-7 პუნქტების მოთხოვნებთან და თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ ავტორიზებულ პირს კომისიის თავმჯდომარის წერილით განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. ავტორიზებული პირის მიერ ხარვეზის შევსებამდე, კომისიის მიერ საჩივრის/დავის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დინება შეჩერებულად ითვლება. 9. თუ საჩივრის ავტორი კომისიის მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, კომისია განუხილველად დატოვებს საჩივარს. 10. ამ მუხლი მე-6-მე-7 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი საჩივრის კომისიაში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. 11. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ კომისიის თავმჯდომარის წერილით ეცნობებათ მხარეებს. მოპასუხეს ამავე წერილით ეგზავნება საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და განესაზღვრება ვადა პოზიციის წარმოსადგენად. 12. თუ საჩივარი განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის წარმოებაში მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, სხვა შემთხვევაში კომისია განუხილველად დატოვებს საჩივარს. მუხლი 8. საჩივრის განხილვის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. იმ შემთხვევაში, თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი არ არის ავტორიზებული პირი, საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიის თავმჯდომარის წერილით საჩივარი კონსულტაციის გამართვის მიზნით ეგზავნება შესაბამის მარეგულირებელ/ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კომისიას საკუთარ პოზიციას წერილობით წარუდგენს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ვადაში. დადგენილ ვადაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოზიციის წარუდგენლობა არ აბრკოლებს კომისიას დავა განიხილოს უფლებამოსილი ორგანოს პოზიციის გარეშე. 2. კომისია უფლებამოსილია მხარეებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მისი კონფიდენციალობის მიუხედავად), რომელიც საჭიროა დავის განხილვისთვის. 3. კომისია საჩივარს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის საფუძველზე. კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო ან კომერციული/პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომა. 4. კომისიის სხდომის გამართვის წესი რეგულირდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით“, თუ დაშვების წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. საჩივრის წარმოებაში მიღებიდან კანონით განსაზღვრულ ვადებში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 6. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის ოპერატორს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად. 7. მხარეებს უფლება აქვთ მორიგდნენ დავის ნებისმიერ ეტაპზე, რის შესახებაც კომისიას უნდა მიმართონ წერილობით ან/და ამის შესახებ განაცხადონ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რის საფუძველზეც კომისია შეწყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას. მუხლი 9. ვადის ათვლა 1. ამ წესში გამოყენებული ვადების ათვლა ხდება იმ დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, რომელსაც უკავშირდება კონკრეტული მოქმედება/უმოქმედობა. 2. თუ ამ წესის შესაბამისად შესასრულებელი მოქმედების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადის ბოლო დღე გადაიწევს არასამუშაო დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე. |