ComCom-მა POSTV საზოგადოებრივი აზრის კვლევის დარღვევით გაშუქებისთვის სამართალდამრღვევად სცნო

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, ტელეკომპანია „პოსტვ“-ის სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
ComCom-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 11 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქა. კერძოდ, კვლევის გამოქვეყნებისას, „პოსტვ“-იმ არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ასევე, გამოკითხვა ფასიანი იყო თუ უფასო. საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „პოსტვ“ სამართალდამრღვევად სცნო და სასამართლოს განსახილველად სამართალდარღვევის ოქმი წარუდგინა.