„კავკასიის ციფრული ქსელები“ სამივე მობილურ ოპერატორს უჩივის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ საჩივარი შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.
მოგეხსენებათ, სამივე კომპანია მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად. „ელეტქრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებით სამივე მობილურ ოპერატორზე დაკისრებულია სპეციფიური ვალდებულებები. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ პრეტენზია კომპანიებზე კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ერთ ერთ სპეციფიურ ვალდებულებას, კერძოდ ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმნაციული და ერთგვაროვანი პირობებით დაშვების ვალდებულების შეუსრულებლობას ეხება.კომისიაში, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა, როგორც „კავკასიის ციფრული ქსელების“ ხელმძღვანელი, ასევე სამივე მობილური ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.
სხდომაზე, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლებს კომისიაში საკითხის არსებითად შესწავლის მიზნით დამატებითი ინფრომაციის წარმოდგენა დაევალათ.
საკითხის განხილვის საჯარო არსებითი სხდომა 2013 წლის 4 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.