მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2025 12:14
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 6 აუქციონი. აღნიშნული აუქციონების ჩატარების თარიღად 2025 წლის 4 დეკემბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 29 ოქტომბრის 09:00 საათიდან 12 ნოემბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 2100 მჰც სიხშირული რესურსის 40 მჰც–ზე მეტის მფლობელი.
კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „სელფი მობაილმა“ (ს/ნ 204450584) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4620, 06.11.25). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს N1, N2, N3, N4 აუქციონებში და შეიძინოს მხოლოდ ორი ლოტი ასევე მონაწილეობა მიიღოს N5 და N6 აუქციონებში და შეიძინოს ორივე ლოტი. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ირაკლი ესართიაზე, სალიცენზიო მოსაკრებლის (სულ 6000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება, რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის (903,782.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ორი საგადახდო დავალება და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის (219,980.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ორი საგადახდო დავალება.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სელფი მობაილის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ ფარადაშვილი (2025 წლის პირველ დეკემბერს შპს „სელფი მობაილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა მარიამ ფარადაშვილზე. კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4884). სხდომაზე მარიამ ფარადაშვილმა დაადასტურა კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში მონაწილეობის სურვილი. კომისიის სააუქციონო სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სელფი მობაილის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან ასევე შპს „სელფი მობაილის“ მიერ წარმოდგენილია 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 9 037 812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის 10%–ის (903,782.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №155971.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 2100 მჰც სიხშირული რესურსის 40 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „სელფი მობაილი“ 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №854/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F101 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, 1925-1930 მჰც და 2115-2120 მჰც რესურსის ფარგლებში, ხოლო 2016 წლის 29 დეკემბრის №855/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F102 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, 1930-1935 მჰც და 2120-2125 მჰც რესურსის ფარგლებში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, 2100 მჰც რესურსის ფარგლებში, კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 30 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.
„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (9 037 812 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (451 891 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელმა მარიამ ფარადაშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 9 489 703 (ცხრა მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას სამი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.ე) ქვეპუნქტის თანახმად ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს განსაზღვრული აქვს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულება. ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის თანახმად აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში. შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელს მარიამ ფარადაშვილს ზემოაღნიშნული ვალდებულების მოხსნა არ მოუთხოვია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.ბ.ა) ქვეპუნქტის შენიშვნა 2-ის თანახმად ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სიჩქარის ვალდებულების (20.8 მბ/წმ) შეცვლა 19.5 მბ/წმ-ით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მაღალი მინიმალური სიჩქარის და 20%-იანი ფასდაკლების გარეშე გამოტანის შემთხვევაში. შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელს მარიამ ფარადაშვილს ზემოაღნიშნული ვალდებულების შეცვლა არ მოუთხოვია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სელფი მობაილი“ (ს/ნ 204450584), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 9 489 703 (ცხრა მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას სამი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს „სელფი მობაილმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 9 489 703 (ცხრა მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას სამი) ლარის 30%-ს - 2 846 910.90 (ორი მილიონ რვაას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ათი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 903,782.00 (ცხრაას სამი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ლარი ანუ - 1 943 128.90 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდასამი ათას ას ოცდარვა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 6 642 792.10 (ექვსი მილიონ ექვსას ორმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი და ათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. შპს „სელფი მობაილი“ ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 1 943 128.90 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდასამი ათას ას ოცდარვა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 1 943 128.90 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდასამი ათას ას ოცდარვა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. შპს „სელფი მობაილი“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „სელფი მობაილის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 903,782.00 (ცხრაას სამი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
