რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-12 / 213

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2021 16:06

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2021 წლის 4 მარტს შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1012, 04.03.2021) და მოითხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, 2021 წლის 11 ივნისამდე კომისიის

2019  წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №19-6/2208, 14.05.2019), 2019  წლის 13 ივნისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა №გ-19-6/358 გადაწყვეტილება, „შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“. რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  №F10  ლიცენზიით  გათვალისწინებული  სიხშირული  რესურსით  შპს

„მაგთიკომის“ მიერ CDMA ტექნოლოგიის გამოყენებით 100 000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდებოდა საკომუნიკაციო მომსახურება. მომსახურება აქტიურად გამოიყენებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებლები დარჩებოდნენ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების გარეშე, რაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიას ვადა გაუგრძელდა 2019 წლის 17 ივნისიდან 10 წლით და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  საფასურის  ოდენობა  განისაზღვრა  - 16,296,117.27 (თექვსმეტი მილიონ ორასოთხმოცდათექვსმეტი ათას ასჩვიდმეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარით. ამავე გადაწყვეტილებით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადანაწილება განხორციელდა ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე, 10 წელზე და კომპანიას განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შემდეგი გრაფიკი:

პირველი წლის გადასახადის ოდენობა - 100 000.00 ლარი - 2019 წლის 13 ივლისამდე. მეორე წლის გადასახადის ოდენობა - 100 000.00 ლარი – 2020 წლის 13 ივლისამდე;

მესამე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2021 წლის 13 ივლისამდე; მეოთხე წლის გადასახადის ოდენობა -  2,012 014.66 ლარი – 2022 წლის 13 ივლისამდე; მეხუთე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2023 წლის 13 ივლისამდე;; მეექვსე წლის გადასახადის ოდენობა -  2,012 014.66 ლარი – 2024 წლის 13 ივლისამდე; მეშვიდე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2025 წლის 13 ივლისამდე; მერვე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2026 წლის 13 ივლისამდე; მეცხრე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2027 წლის 13 ივლისამდე; მეათე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2028 წლის 13 ივლისამდე;

2019 წლის 13 ივნისს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო მოსაკრებელის (1,000.00 ლარი) 2019 წლის 17 ივნისამდე, ხოლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 16,296,117.27 (თექვსმეტი მილიონ ორასოთხმოცდათექვსმეტი ათას ასჩვიდმეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით განისაზღვრა მთელი რიგი სხვა პირობებიც. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრა, რომ კომპანია ვალდებულია გააგრძელოს მომსახურების მიწოდება ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ მიგრაციამდე, თუ კომისია ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 21 თვის განმავლობაში განახორციელებდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშებას ე.წ „დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს მოდელირებით და განახორციელებდა გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშების კუთხით და შპს „მაგთიკომს“ მოცემული პერიოდისთვის ეყოლებოდა აქტიური აბონენტები. შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

კომისია აღნიშნავს რომ 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, თავის მხრივ კომისიის მიერ განხორციელდა გარკვეული აქტივობები, კერძოდ კი ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 21 თვის განმავლობაში, 2020 წლის 7  სექტემბერს    გამოცხადებული    ელექტრონული    ტენდერის    (NAT200013806)    ფარგლებში გამარჯვებული  კომპანიის („ერნსტ ენდ  იანგის“)  მიერ, შემუშავდა შესაბამისი ბიზნესმეთოდოლოგია და განხორციელდა 453,0 მჰც - 457,5 მჰც და 463,0 მჰც - 467,5 მჰც რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საბაზრო ღირებულების შეფასება. შეფასების თანახმად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2029 წლის 17 ივნისამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე) განისაზღვრა 161,000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით.

ამასთანავე, ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 21 თვის განმავლობაში, კერძოდ კი 2021 წლის 11 მარტს №გ-21-19/175 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2019  წლის 13 ივნისის   №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში და 2020 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 17 ივნისამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე) ლიცენზიის საფასური განისაზღვრა 161,000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარით, საიდანაც კომპანიას უკვე გადახდილი აქვს 145 827.63 (ასორმოცდახუთი ათას რვაასოცდაშვიდი და 63) ლარი და 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადასახდელი აქვს - 15 172.37 (თხუთმეტი ათას ასსამოცდათორმეტი და ოცდაჩვიდმეტი) ლარი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშების დროისთვის შპს „მაგთიკომს“ უფიქსირდებოდა აქტიური აბონენტები, აქედან გამომდინარე დამდაგარია 2019 წლის 13 ივნისის     №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალიცენზიო პირობას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს „ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს „ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.“

კომისია აღნიშნავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძვლებს ანუ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება, თუმცა ამ პუნქტში ჩამოთვლილი არც ერთი პირობა არ წარმოშობს კომისიის ვალდებულებას, რომ ამ პირობების არსებობის შემთხვევაში გააუქმოს ლიცენზია/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტში ჩამოთვლილი პირობების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი ხდება საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე გააუქმოს ლიცენზია/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება ან არ გააუქმოს იგი. კანონის

54-ე მუხლის წარმოადგენს არა ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელთა უფლება აღმჭურველ ნორმას (იმ გაგებით, რომ ლიცენზიის მფლობელის უფლება - მიმართოს კომისიას ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, არ წარმოშობს კომისიის ვალდებულებას უპირობოდ გააუქმოს ლიცენზია), არამედ, კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მბოჭავ ნორმას, კერძოდ კი ეს მუხლი ადგენს იმ საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კომისია ხდება უფლებამოსილი გააუქმოს ლიცენზია/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება. ანუ აღნიშნული ნორმა ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს იცავს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობისგან და უდგენს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საფუძვლებისა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კომისია ხდება უფლებამოსილი გააუქმოს ლიცენზია/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება.

კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ შემთხვევაში (იქნება ეს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა, საქმიანობის განსაზღვრულ ვადაში დაუწყებლობა თუ განსაზღვრული ვადით საქმიანობის შეწყვეტა) საჯარო და კერძო ინტერესების, ასევე კონკრეტული ლიცენზიით ლიცენზიის მფლობელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით მსჯელობს ლიცენზიის გაუქმების მიზანშეწონილობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების ან არ გაუქმების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“

მოცემულ შემთხვევაში კომისია ითვალისწინებს იმას, რომ 2019  წლის 13 ივნისის  №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას და შპს „მაგთიკომის“ ვალდებულებას წარმოადგენდა მას  გაეგრძელებინა  მომსახურების  მიწოდება  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ მიგრაციამდე (თუ კომისიის მიერ მოხდებოდა ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშება), რაც კომისიის მიერ შესრულდა და კომპანიას უფიქსირდება აქტიური აბონენტებიც, რომელთა მიგრაცია მას არ განუხორციელებია. კომისია ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ F10 ლიცენზია უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთათვის დღევანდელი მოცემულობით პრაქტიკულად არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომისიამ თავისი 2021 წლის 11 მარტს №გ-21-19/175 გადაწყვეტილებით კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16,296,117.27 ლარიდან შეამცირა 161,000.00 ლარამდე, საიდანაც კომპანიას უკვე გადახდილი აქვს 145 827.63 ლარი და გადასახდელი აქვს 15 172.37 ლარი და ამავდროულად მომსახურების შეწყვეტის არსებულ ორ ლეგიტიმურ საფუძველთან ერთად კომპანიას დამატებით მიანიჭა უფლება, რომ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაშიც შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2021 წლის 4 მარტის მოთხოვნა F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ და შესაბამისად არ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული ლიცენზიის გასაუქმებლად.

კომისიის პირველი აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სხდომაზე მოისმინა, კომისიის პოზიცია თითქოს კომისიამ ლიცენზიის გაუქმების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს და მას აქვს დისკრეცია რა შემთხვევაში გააუქმოს ან არ გააუქმოს ლიცენზია. მიაჩნია, რომ ეს არის კომისიის არასწორი შეფასება, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებსაც სცდება. შესაბამისად ზედმეტად არ უნდა დაიხარჯონ ამ საკითხზე მსჯელობით, ვინაიდან ცნობილია, სად უნდა გასაჩივრდეს უკანონო გადაწყვეტილებები. მან აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება წარდგენილი, ხოლო მეორე კონკრეტული ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის   მე-6,   მე-7   მუხლებისა   და   96-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა“ და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის. შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მაგთიკომის“ განცხადება  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1012, 04.03.2021) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  მისი მიღებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები