სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ („RHINESTREAM HOLDINGS LIMITED“) აქციების 27,55%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-19-11 / 673

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2019 17:35

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2019

სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ („RHINESTREAM HOLDINGS LIMITED“) აქციების 27,55%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2019 წლის 22 ნოემბერს №7248/05-8 წერილით მიმართა სს “სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4509, 22.11.2019), სს “სილქნეტის“ აქციების 100%-ის არაპირდაპირ (ბენეფიციარულად) მფლობელ კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედში“ წილის 27,55%-ის ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (N16/2567-18, 27.07.2018) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციის სათანადოდ შესრულებისათვის, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, აქციათა რეესტრისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების, ასევე სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად:

-     სს  „სილქნეტის“   (204566978)   აქციათა  100%-ის  მფლობელია  შპს  „სილქნეტ ჰოლდინგი“ (ს/გ404569285);

-     შპს  „სილქნეტ  ჰოლდინგის“  (ს/გ404569285)  წილის  100%-ს  ფლობს  მალტაში რეგისტრირებული კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“;

-     კომპანია  „რაინსტრიმ  ჰოლდინგს  ლიმიტედის“  აქციონერები  არიან:  გიორგი რამიშვილი     (საქართველოს     მოქალაქე)     -     58,81%,     ალექსი     თოფურია (საქართველოს   მოქალაქე)   -   27,15%;   დავიდ   ფრანს   ბორგერი   (გერმანიის მოქალაქე) - 9,04%; დავით მამულაიშვილი (საქართველოს მოქალაქე) - 5%.

სს „სილქნეტის“ 2019 წლის 22 ნოემბრის №7248/05-8 წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4509, 22.11.2019), ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევს აქვს განზრახვა  სს  “სილქნეტის“  აქციების  100%-ის  არაპირდაპირ  (ბენეფიციარულად) მფლობელ კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედში“ აქციების 27,55%-ის შეძენა, რის შემდეგაც, კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ აქციები გადანაწილდება შემდეგი სახით:

-     გიორგი რამიშვილი (საქართველოს მოქალაქე) – 41,7548%;

-      ალექსი თოფურია (საქართველოს მოქალაქე) – 19,2714%;

-      დავიდ ფრანს ბორგერი (გერმანიის მოქალაქე) – 6,4238%;

-      დავით მამულაიშვილი (საქართველოს მოქალაქე) - 5%;

-     ერკინ ტატიშევი (ყაზახეთის მოქალაქე) – 27,55%.

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემების,  ასევე  სს „სილქნეტის“ მიერ №7318/05-8 27.11.2019 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4582 27.11.2019) წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური პირი ერკინ ტატიშევი (ყაზახეთის მოქალაქე, პასპორტის №12126283) საქართველოში რეგისტრირებულ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან აფილირებული არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე    და  ტრანზაქციის    სავარაუდო    განხორციელების    შემდეგ,  სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება, ფიზიკურ პირ ერკინ ტატიშევის მიერ სს “სილქნეტის“ მესაკუთრე ბენეფიციარი კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ აქციების 27,55%-ის შეძენა  ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ერკინ ტატიშევის მიერ   სს “სილქნეტის“  ბენეფიციარი  კომპანია  „რაინსტრიმ  ჰოლდინგს  ლიმიტედის“ აქციების 27,55%-ის შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, სს „სილქნეტის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, სს „სილქნეტმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა სს “სილქნეტს“, სს “სილქნეტის“ მესაკუთრე ბენეფიციარი კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ („RHINESTREAM HOLDINGS LIMITED“) აქციების 27,55%-ის ფიზიკურ პირ ერკინ ტატიშევის (ყაზახეთის მოქალაქე, პასპორტის №12126283) მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს სს “სილქნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “სილქნეტის“ მესაკუთრე ბენეფიციარი კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედის“ („RHINESTREAM HOLDINGS LIMITED“) აქციების 27,55%-ის ფიზიკურ პირ ერკინ ტატიშევის მიერ შეძენის შემთხვევაში, სს “სილქნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს„სილქნეტისათვის“ გადაგზავნა (ო. ვოტ);

4.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   ამ   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   სს “სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “სილქნეტისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს    კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები