წვდომის მენიუ

სს ”ეგრისსა” და შპს ” კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 68 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 27 ნოემბერს №6/1926-07 განცხადებით მიმართა სს ”ეგრისმა”  შპს ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ  სს ”ეგრისისათვის”  წარდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ცალკეული მუხლები.

სს ”ეგრისი” სადავოდ ხდის შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოქვეყნებულ გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის ძირითად პირობებს და მიაჩნია რომ მისი   დებულებები შესაბამისობაშია მოსაყვანი კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს  №469/16 გადაწყვეტილებასთან.

მოთხოვნები: დაავალოს კომისიამ შპს ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს  №469/16  გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 28 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. შპს  ”ეგრისის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინთან” აწარმოებენ ინტენსიურ კონსულტაციებს გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის სადავო დებულებების შესათანხმებლად, საბოლოო შეთანხმება ამ ორ კომპანიას შორის მაინც ვერ იქნა მიღწეული. ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი კომპანიის მომავალი საქმიანობისათვის, იგი კომისიას სთხოვს საკითხის დაუყოვნებლივ განხილვასა და პროექტის მიმართ მათი შენიშვნების გათვალისწინებას.  სს ”ეგრისის” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ, სს ”ეგრისის” მიერ ამ დღეებში  შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გადაგზავნილ იქნა მათ მიერ მომზადებული გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მათი აზრით, სრულ შესაბამისობაშია, როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე კომისიის გადაწყვეტილებებთან და შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან მასზე ხელმოწერის შემთხვევაში სადავო საკითხი ამოიწურება.

შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი კომპანიის ინტერესშია მიაღწიოს შეთანხმებას სს ”ეგრისთან” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების სადავო პირობებთან მიმართებაში, ამისათვის ისინი აწარმოებენ ინტენსიურ კონსულტაციებს, როგორც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტთან, ასევე განმცხადებელ კომპანიასთან.

კომისიამ მხარეებს განუსაზღვრა ორკვირიანი ვადა  გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების სადავო პირობების შესათანხმებლად და ხელმოსაწერად. მხარეთა შუამდგომლობით დავის განხილვა შემდგომ კვლავ გადაიდო ორი კვირით.

2008 წლის 1 თებერვალს კომისიაში ჩატარდა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  სს  ”ეგრისის” წარმომადგენელი ლ. ინჯია, აგრეთვე   შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ. ჭელიძე. მხარეებმა კომისიას განუცხადეს, რომ მიუხედავად მათ შორის გამართული კონსულტაციებისა, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების სადავო პირობებთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისიას ვერ წარმოუდგინეს  სადავო ხელშეკრულების ხელმოწერილი ვარიანტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები. ასევე, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესახებ”  კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილების  მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, ერთი თვის ვადაში განიხილოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავა.  თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია, საკუთარი გადაწყვეტილებით, თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიან კონკურენციას და მომხმარებლის უფლებების დაცვას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და  ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” ამ მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის (გ. ბუთბაია) მიერ,  წარმოდგენილ იქნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების პროექტი, რომლის ხელმოწერაც მოდავე მხარეებისათვის სავალდებულოა. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  დაევალოთ    შპს  ”კავკასუს ონლაინსა” და სს  ”ეგრისს”  გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ხელმოწერა, კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული ურთიერთჩართვის პირობების გათვალისწინებით.

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტსა (კ. ყურაშვილი) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) .

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

კომისიის  თავმჯდომარე                                                  გ.არველაძე

წევრები:                                                                         კ. კვიტაიშვილი         

                                                                                     ზ. ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები