წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის და მეორე მხრივ, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 43 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 13 ნოემბერს  შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან” დავის განხილვის მოთხოვნით კომისიას №154 და №02/133-07 განცხადებებით მიმართეს   სს ,,ეგრისმა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-იმ.

დავის საგანი: შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიერ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურება და ზარების სს ,,ეგრისის” მიმართულებით ტრანზიტზე გატარება.  

2007 წლის 3 ოქტომბერს, სს ,,ეგრისმა” წერილობით (№134) მიმართა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად გაეაქტიურებინა სადგურში და საბილინგო სისტემაში შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის სასადგურო ინდექსი ქ.ბათუმში (16XXX- 19XXX),  ქ.თბილისში (450XXX-454XXX; 152XXX -156 XXX) და გამოეშვა ზარები ტრანზიტზე სს ,,ეგრისის” მიმართულებით, რაზედაც 2007 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისაგან” წერილობითი (№398/7) უარი მიიღო საკვანძო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გადატანის მიზეზით.

2007 წლის 22 ოქტომბერს, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-იმ წერილობით (№02/129-07) მიმართა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” ურთიერთჩართვის განხორციელებისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. წერილში, ასევე მიუთითა, რომ მისთვის ტექნიკურად მისაღები იყო  ურთიერთჩართვის განხორციელება ქ. ბათუმში, როგორც ძველ (აბაშიძის ქ. №33), ისე ახალ (26 მაისის ქ. №47) მისამართზე და ითხოვა, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შეეთავაზებანა მისთვის ურთიერთჩართვის ტექნიკური პირობები, რაზედაც 2007 წლის 6 ნოემბერს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისგან” წერილობითი (№430/7) უარი მიიღო იმ  მიზეზით, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ერთად აწარმოებს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გადატანას და ვერ წარუდგენდა ურთიერთჩართვის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკურ პირობას.

შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC” განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თუ რამდენად დროულად მოხდება ურთიერთჩართვა, რადგანაც ფერხდება მომხმარებლების აყვანა, ვინაიდან შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” ვერ ასახელებს კონკრეტულად როდის მოხდება მხარეთა შორის ურთიერთჩართვის განხორციელება.

სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის განცხადებებით, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი” ამგვარი მოქმედებით არღვევს სს ,,ეგრისსა” და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის 2007 წლის 10 აპრილს ერთი წლის ვადით დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 2.6 პუნქტს, რომლის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან განახორციელონ ურთიერთჩართვა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ” ქვეპუქტს, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.            

სს ,,ეგრისი” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC” მოითხოვენ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიერ მოხდეს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის ნუმერაციის რესურსის გააქტიურება და ზარების სს ,,ეგრისის” მიმართულებით ტრანზიტზე გაშვება.

2007 წლის 19 ნოემბერს, კომისიამ სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC-ის” ზემოაღნიშნული განცხადებები ახსნა-განმარტების წარმოდგენისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით გადაუგზავნა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს”.

შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” 2007 წლის 28 ნოემბრის №467/7 საპასუხო წერილის თანახმად, 2008 წლის იანვარში დაგეგმილია აჭარის სატელეკომუნიკაციო ქსელის სრული მოდერნიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც ფერხდება მომხმარებელთა სრულფასოვანი მომსახურება. მათივე განცხადებით, მომხმარებლებისათვის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, თავს იკავებენ ძველი ოპერატორებისათვის დამატებითი მომსახურების გაწევისაგან და ახალი ოპერატორებისათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების უზრუნველყოფაზე.

განცხადებებში მოყვანილი გარემოებების შემოწმების, შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების მიზნით, განცხადებები თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც 2007 წლის 21 დეკემბრის მოხსენებით ბარათში და 2007 წლის 19 დეკემბერის №29 შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ სს ,,ეგრისიდან” შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიმართულებით არის მხოლოდ შემომავალი არხები, რომლის შეცვლა პროგრამულად მარტივად შესაძლებელია.

2008 წლის 4 იანვარს, აღნიშნულ საკითხზე კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, სადაც სს ,,ეგრისის” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნები: სს ,,ეგრისი” ითხოვს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” მიერ მოხდეს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის კუთვნილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურება და ზარების სს ,,ეგრისის” მიმართულებით ტრანზიტზე გატარება, ხოლო შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC” ითხოვს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადებას.

კომისიის 2008 წლის 4 იანვრის №1/16 გადაწყვეტილებით დავის განხილვა ერთი მხრივ, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის და მეორე მხრივ, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დაინიშნა 2008 წლის 11 იანვარს 16 სთ-ზე.

2008 წლის 11 იანვარს, კომისიის სხდომაზე, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენლებმა ითხოვეს  მორიგების მიზნით დავის განხილვის ერთი კვირით, 2008 წლის 18 იანვრისთვის გადადება. 2008 წლის 18 იანვარს, კომისიის სხდომაზე,  მხარეებმა მორიგების მიზნით ითხოვეს დავის განხილვის გადადება 2008 წლის 25 იანვრისთვის.

2008 წლის 25 იანვარს, კომისიის სხდომაზე დავის არსებითი განხილვისას, მოდავე მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის შედგა შეთანხმება მათ შორის არსებულ ყველა სადაო საკითხზე და ერთობლივად მოითხოვეს დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, სს ,,ეგრისისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის და მეორე მხრივ, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავაზე.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა)  ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე:                                                  გ.არველაძე

კომისიის წევრი:                                                                გ.ფრუიძე

                                                                                           ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები