წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 42 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 18 დეკემბერს №6/2042-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაი ნმა”  შპს ”ახალ ქსელებთან”, შპს ”ახტელთან” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოპასუხე კომპანიებისაგან ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის განსაზღვრა.

შპს ”კავკასუს ონლაინი”  შპს ”ახალ ქსელების” შპს ”ახტელისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანისაგან” ითხოვს 2007 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით,  მის მიერ ნაქირავებ სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის თაობაზე გაშიფრულ სიას, მათი ჩართვისა და გამორთვის თარიღის მითითებით, რაც მოპასუხე კომპანიების მხრიდან არ სრულდება. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”ახალ ქსელები”, შპს ”ახტელი” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  განზრახ არიდებს თავს ამ ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან მათი მხრიდან ადგილი აქვს ნაქირავები კაბელების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდასა და ზედმეტი თანხის დარიცხვას.

 მოთხოვნები: დაევალოს    შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, მიაწოდოს განმცხადებელს 2007 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ნაქირავები  სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობა მათი ჩართვისა და გამორთვის თარიღის მითითებით, აღნიშნული სიის გადამოწმების შემდეგ, მოპასუხე კომპანიებმა მოახდინონ შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ზედმეტად დარიცხული თანხის კორექტირება.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 28 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა კომისიისაგან მოითხოვა მათ  განცხადებაში დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმნენ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის შესადარებლად ისინი შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვენ მისივე საინფორმაციო ბაზის  მონაცემთა გადაცემას, რაც განმცხადებელი კომპანიისაგან არ კმაყოფილდება. ასევე, საკითხის გადასაწყვეტად, მათ აუცილებლად მიაჩნიათ შპს ”კავკასუს ონლაინთან” სახაზო-საკაბელო წყვილების ქირავნობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”,  მისმა წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განაცხადა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის”  მოთხოვნა მათი კომპანიისაგან უმოკლეს პერიოდში დაკმაყოფილდება. შესაბამისად, კომისიის მიერ შეწყდა დავის წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის. ხოლო  მეორეს მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”,  შპს ”ახტელსა ” და შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვის დღე დაინიშნა 2007 წლის 4  იანვარს. 

2007 წლის 4  იანვარს მხარეებმა კომისიისაგან ითხოვეს საკითხის განხილვის გადადება ორი კვირით, სადავო საკითხზე მოლაპარაკებისა და შეთანხმების მისაღწევად, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.

2008 წლის 28 იანვარს კომისიაში ჩატარდა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ. ჟღენტი. როგორც მხარეებმა განაცხადეს სადავო საკითხზე მათ შორის საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შპს ”კაკვკასუს ონლაინის” წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება დაესწრონ  სახაზო-საკაბელო წყვილთა რაოდეობის შესახებ ინფორმაციის შედარებას კროსში. ამის გამო,  შპს ”კავკასუს ონლაინმა”, მის მიერ ნაქირავები  სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, დამატებით მოითხოვა კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართვა ნაქირავები წყვილების ზუსტი რაოდენობის დასადგენად ინფორმაციის შედარებაში და აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის ასანაზღაურებელი ხარჯების ზუსტი მოცულობის დადგენაში, რასაც დაეთანხმა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”მ ” ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატორებს შორის კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებები, მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრით, მიეკუთვნება  გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდების ხელშეკრულების მინიმალურ პირობებს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და  42-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაევალოს შპს ”ახალ ქსელებსა” და  შპს ”ახტელს” მიაწოდოს შპს ”კავკასუს ონლაინს”,  მის მიერ ნაქირავები  სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობა მათი ჩართვისა და გამორთვის თარიღის მითითებით;

2.  დაევალოთ მხარეებს, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან შვიდი დღის ვადაში ინფორმაციის ურთიერთშედარების საფუძველზე მოახდინონ გაქირავებული სახაზო -საკაბელო წყვილების ზუსტი ოდენობისა და ასანაზღაურებელი ხარჯების დადგენა და საბოლოო შედეგების კომისიაში წარმოდგენა.

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს (მ. გოთოშია).

4.   გადაწყვეტილების შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის   თავმჯდომარე                      გ. არველაძე

წევრები:                                                                 

                                                          ზ. ნონიკაშვილი

                                                           გ.ფრუიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები