გადაწყვეტილება N 229 შპს “ტელეიმედის” N 503 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003
მიღების თარიღი მაისი 23, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეიმედმა” კომპანიის N 503 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „TV-33” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N503, რომელიც ითვალისწინებდა მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაციას 14345 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს TV-33”-მა კომისიის N22, 27.11.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.
შპს TV-33”-ს ნატურით გაყოფის შედეგად ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის N 7/4-1801 დადგენილებით შეიქმნა შპს „ვერა-XXI”, რომელსაც ნატურით გაყოფის გეგმის შესაბამისად გადაეცა ლიცენზია N503. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით შპს „ვერა-XXI”-ს შეეცვალა საფირმო სახელი და ეწოდა შპს „ატვ”. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.05.2002წ. დადგენილებით შპს „ატვ” შეერწყა შპს „ტელეიმედს”.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეიმედის” N 503 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2013 წლის 21 აპრილამდე;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
