შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2025 17:37
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2025
შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის №გ-25-8/576 გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №5 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სელფი მობაილი“ (ს/ნ 204450584).
ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „სელფი მობაილს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2 309 782 (ორი მილიონ სამას ცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ლარის 30%-ს - 692 934.60 (ექვსას ოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაას ოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 219,980.00 (ორასცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი ანუ - 472 954.60 (ოთხას სამოცდათორმეტი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სელფი მობაილმა“ მიერ 2025 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 472 954.60 (ოთხას სამოცდათორმეტი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2025 წლის 16 დეკემბერს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/5048).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-5 1 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ . დარჩენილი ნაწილის გადახდა კი უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის №გ-25-8/576 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს შპს „სელფი მობაილს“ (ს/ნ 204450584) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F120 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი, 2595-2605 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შემდეგ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4)
|
დაფარვის თარიღი |
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 20 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ: |
მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ) |
|
2026 წლის 31 დეკემბრამდე |
90% |
25 მბ/წმ |
შენიშვნა 1: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);
ე.გ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (11)05-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება.
დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ, რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
2570 –2620მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოცემულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მფლობელ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით.
ე.დ) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;
ე.ე) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების დანართ 5-ში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2032 წლის 1 იანვრამდე;
ე.ვ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
ზ) ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები მხოლოდ წინამდებარე ლიცენზიით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის
№F121 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლებით;
თ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
ი) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).
კ) შპს „სელფი მობაილმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F120 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 1 616 847.40 (ერთი მილიონ ექვსას თექვსმეტი ათას რვაას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402
134 737.65 ლარი - 2026 წლის 25 იანვრამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 თებერვლამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 მარტამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 აპრილამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 მაისამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 ივნისამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 ივლისამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 აგვისტომდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 სექტემბრამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 ოქტომბრამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 ნოემბრამდე;
134 737.25 ლარი - 2026 წლის 25 დეკემბრამდე;
ლ) შპს „სელფი მობაილმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3, №4 და №5 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ - „ი“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ - „ლ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
- 656_-_დანართი_5.pdf
- 656_-_დანართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილები_SHP.zip
- 656_-_დანართი_3_-_დაფარვის_ვალდებულებებში_მითითებული_დასახლებული_პუნქტები_სია.xlsx
- 656_-_დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია.pdf
- 656_-_დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები.pdf
- გადაწყვეტილება_გ-25-1-656,_25.12_.25_.pdf
